08:33 | 06 აგვისტო, 2026 — რუსეთი
რუსეთში დრონების შემქმნელის და პროპაგანდისტის, ვლადიმირ ტკაჩუკის მანქანა აფეთქდა
ეკატერინბურგიდან 25 კილომეტრში თავდასხმა მოხდა ვლადიმერ ტკაჩუკზე - "ურალდრონზავოდის" გენერალურ დირექტორსა და Z-არხ "პოვერნუტიე ნა ვოინეს" დამფუძნებელზე.
"კომერსანტის" ცნობით, ბიზნესმენი "მერსედესის" მარკის ავტომობილის აფეთქებისას დაშავდა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მისი მძღოლი დაიღუპა.
ვითარების არსი: თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ტკაჩუკის ტელეგრამ-არხის ადმინისტრატორებმაც დაადასტურეს.
- "ახლა ის რეანიმაციაშია, სტაბილურ მდგომარეობაში. არხი მუშაობას განაგრძობს". - ნათქვამია განცხადებაში.
- "კომერსანტი" წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ტკაჩუკის ავტომობილის ქვეშ ამოქმედდა. გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მანქანა სრულად დაიწვა. TASS-ის წყარო კი ირწმუნება, რომ ტკაჩუკის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- სვერდლოვსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა საზოგადოებრივად საშიში მეთოდით ჩადენილ მკვლელობაზე, მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვაზე.
- გამოძიების წინასწარი ვერსიით, თავდასხმის უკან უკრაინის სპეცსამსახურების აგენტები დგანან, რის გამოც საქმეს, შესაძლოა, მალე ტერაქტის მუხლიც დაემატოს.
წინარე ისტორია: ვლადიმერ ტკაჩუკი 35 წლისაა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ის ურალის სააფთიაქო ქსელ "ეპიონაში" მუშაობდა.
- 2015-2016 წლებში ტკაჩუკი რეგულარულად ჩადიოდა დონბასის საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
- პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხი კი 2017 წელს შექმნა.
- 2022 წლის შემოდგომაზე ტკაჩუკმა იარაღის წარმოებისთვის თანხების შეგროვება დაიწყო. შეგროვილი სახსრებით მან დრონ-რეისინგის (დრონების რბოლა) გუნდი ჩამოაყალიბა და "უპირის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აწყობის საამქრო ააშენა.
- 2024 წლიდან „ურალდრონზავოდი“ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება.
კონტექსტი: ეს ერთ კვირაში რიგით მეორე თავდასხმაა ფრონტზე გამოყენებული დრონების შექმნელეზე.
- 29 ივლისს ტულაში, მიხეევის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, დრონ „ოვოდის“ მთავარ კონსტრუქტორსა და შემქმნელს, ანდრეი ჩერეზოვს ცეცხლი გაუხსნეს.
- მან ჭრილობა მიიღო. 1 აგვისტოს უპილოტო აპარატების მწარმოებელი კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
- ძალოვანებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხები Mash და "112" წერდნენ, რომ თავდასხმა ღამით მოხდა, როდესაც ჩერეზოვი სახლში ბრუნდებოდა.
- ქილერი ბიზნესმენს სადარბაზოში ელოდებოდა და კიბის უჯრედში სამჯერ ესროლა. სასწრაფო დახმარება ჩერეზოვის ცოლმა გამოიძახა, რომელსაც გასროლის ხმა დაესმა.