14:24 | 09 ივლისი, 2026 — რუსეთი
რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიის მეთაურმა გენერლისგან მოიერიშეები „იქირავა“
რუსეთში ლენინგრადის სამხედრო ოლქის ყოფილი სარდალი, გენერალ-მაიორი ალექსანდრ დემბიცკი დააპატიმრეს.
ის კერძო სამხედრო კომპანია „იასტრების“ დამფუძნებელთან, ალექსეი მარუშჩენკოსთან ერთად, ფრონტზე მიმავალი ჯარისკაცების ძარცვისა და გატაცების უპრეცედენტო სქემას ხელმძღვანელობდა.
რა დააშავეს და რაში ედებათ ბრალი: „იასტრების“ ბოსი მარუშჩენკო სამხედრო კომისარიატებში ახალწვეულებს არწმუნებდა, რომ თუ კონტრაქტს მისი ორგანიზაციის ეგიდით გააფორმებდნენ, მეტ ფულს მიიღებდნენ და არმიის პრობლემებს აირიდებდნენ.
- სინამდვილეში, სახელმწიფოსგან ჩარიცხული ერთჯერადი დახმარებებიდან ბოევიკები ჯარისკაცებს 30-დან 200 ათას რუბლამდე „ატკატებს“ სთხოვდნენ, ვითომდა დრონებისა და ეკიპირების საყიდლად.
- ჯამში მათ 89 სამხედროს 8.8 მილიონ რუბლზე მეტი გამოსძალეს. ერთ-ერთმა ახალწვეულმა 1.2 მილიონი რუბლი გადაიხადა მხოლოდ იმაში, რომ წინა ხაზზე არ გაეშვათ.
გენერალი დემბიცკი ამ თაღლითური სქემის მთავარი ორგანიზატორი და მფარველი იყო. მან ЧВК-ს ხელმძღვანელს სრული კონტროლი გადასცა რეგულარული არმიის ერთ-ერთ მოიერიშე ქვედანაყოფზე, რათა მარუშჩენკოს ჯარისკაცები საკუთარი შეხედულებისამებრ ემართა.
ფულის მიღების მიზნით, ЧВК-ს წევრები საკუთარ სამხედროებსაც უსწორდებოდნენ. ერთ-ერთი სერჟანტი განაიარაღეს, ბაზაზე წაიყვანეს, ხეზე მიაბეს და რამდენიმე დღე სცემდნენ, სანამ ნახევარი მილიონი რუბლი არ გამოსძალეს.
ვინ არის მთავარი დამნაშავე: მთავარი ფიგურანტები სწორედ გენერალი დემბიცკი და ЧВК-ს ხელმძღვანელი მარუშჩენკო არიან.
- ამ უკანასკნელმა ბრალი უკვე აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. მას თაღლითობის გარდა, ბრალად ედება მკვლელობები, წამება წყლით, იარაღის უკანონო ბრუნვა და სამხედრო კორესპონდენტის გატაცება, რომელიც მათ დანაშაულებრივ საქმიანობას იძიებდა.
- გენერალი დემბიცკი კი ბრალს არ აღიარებს და ამ დროისთვის „ლეფორტოვოს“ საიზოლატორში იმყოფება.