ახალი ამბები

15:50 | 02 ივლისი, 2026 — რუსეთი

რუსეთში ყოველი მეათე სკოლა სამხედრო პროფილისაა

2025 წელს რუსეთში თითქმის ექვსი ათასი კადეტთა და კაზაკთა საგანმანათლებლო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, სადაც 780 ათასი ადამიანი სწავლობდა.

ეს ირკვევა განათლების სფეროში პოლიტიკის შესახებ მთავრობის ყოველწლიური მოხსენებიდან, რომელსაც ყურადღება გამოცემა "ვაჟნიე ისტორიიმ" მიაქცია.

ვითარების არსი: შედარებისთვის, 2018 წელს კადეტებად ირიცხებოდა დაახლოებით 200 000 ბავშვი - თითქმის ოთხჯერ ნაკლები.

  • პოპულარობის ზრდის მიუხედავად, კადეტთა განათლება რუსეთში საკანონმდებლო დონეზე დღემდე არ არის განმტკიცებული და არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რის გამოც სწავლება სხვადასხვა სასწავლებელში სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს.
  • ყველაზე დახურული ტიპია კადეტთა და კაზაკთა კორპუსები შინაგანი განაწესითა და მკაცრი წესებით, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ.
  • კორპუსები შესაძლოა სხვადასხვა უწყებისა და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში იყოს: თავდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, უშიშროების ფედერალური სამსახური, საგამოძიებო კომიტეტი და სხვა. 

დეტალურად: კვლევის თანახმად, სწავლების კაზაკურმა ფორმატმა გვერდი არც სკოლამდელ განათლებას აუარა.

  • რუსეთში ფუნქციონირებს 906 საბავშვო ბაღი "კაზაკური კომპონენტით". ასეთ ბაღებში ბავშვები ეცნობიან კაზაკურ თამაშებსა და კულტურას, ხოლო საშუალო ჯგუფებში იწყებენ ისტორიის სწავლას.
  • მოსამზადებელ ჯგუფებში გოგონები და ბიჭები შესაძლოა განაცალკევონ, რადგან ბავშვებს "განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ".
  • "ბიჭებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ, მაგალითად, მწყობრი მომზადების ელემენტებს, ცივი იარაღის ფლობის ხელოვნებას". ამბობს სოჭის ერთ-ერთი კაზაკური საბავშვო ბაღის პედაგოგ-ფსიქოლოგი.
  • კადეტთა განათლების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები პროფილური კადეტთა კლასებით.
  • 2025 წელს რუსეთში 4.3 ათასი ასეთი ორგანიზაცია მუშაობდა - ქვეყნის ყველა სკოლის დაახლოებით 10%, დაადგინა "ვაჟნიე ისტორიიმ".
  • კადეტთა კლასებში ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლობენ და დამატებით შეუძლიათ შეისწავლონ სამხედრო სამსახურის საფუძვლები, მწყობრი მომზადება, პირველადი დახმარება და სხვა საგნები. როგორც წესი, ასეთ კლასებში უფრო მკაცრი დისციპლინაა და ბავშვები ფორმას ატარებენ.

კონტექსტი: დღევანდელ რუსეთში მცირე ასაკიდან მილიტარისტული აღზრდა ლოგიკურია იმის ფონზე, რომ ჯარს საკუთარი რიგების შევსება სულ უფრო და უფრო უჭირს.

  • სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ახალი კვლევის თანახმად, წელს რუსული არმიის დანაკარგების შეფარდებამ უკრაინულთან 8:1-ს მიაღწია.

  • გარდა ამისა, 2025 წლის მეოთხე კვარტალში კონტრაქტით აყვანილთა რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ნახევარჯერ შემცირდა.
  • ფრონტზე მყოფი სამხედროების თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ 2026 წელს მოსული ახალი კონტრაქტორები "ბრძოლისუუნარონი არიან".
  • რუსეთის ხელისუფლება ომის ახლო მომავალში დასრულებას არ გეგმავს. კრემლი უფრო რადიკალურ ზომებსაც განიხილავს, მათ შორის მობილიზაციის ახალ ტალღას. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე