ახალი ამბები

19:12 | 18 ივნისი, 2026 — რუსეთი

რუსეთში პუტინის პეტერბურგელი მეგობარი ილია ანტიკვარი დააკავეს

მარცხნიდან: ილია ტრაბერი, მეტსახელად „ანტიკვარი“, ვლადიმირ პუტინი, გენადი პეტროვი

17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და ბიზნესმენი ილია ტრაბერი, მეტსახელად „ანტიკვარი“. იმავე დღეს ჩხრეკა მიმდინარეობდა კიდევ ერთ ცნობილ ავტორიტეტთან, გენადი პეტროვთან.

ვითარების არსი: რუსული მედიის ცნობით, ტრაბერიც და პეტროვიც 1990-იან წლებში ხვდებოდნენ და თანამშრომლობდნენ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც იმ წლებში სანქტ-პეტერბურგის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ტრაბერი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. ტრაბერთან ერთად დაპატიმრებულია მისი პარტნიორი, ვლადიმირ დანილენკო.

  • წყაროების ცნობით, ტრაბერს ბრალი ედება თავისი ყოფილი პარტნიორის, ვიბორგის მუნიციპალური დეპუტატის, ალექსანდრ პეტროვის შეკვეთილ მკვლელობაში, რომელიც 2020 წელს მოხდა.
  • საქმეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს. ტრაბერსა და მის პარტნიორს მოსკოვში დაკითხავენ.
  • იმავე „ფონტანკას“ ცნობით, ტრაბერის დაპატიმრების ოპერაციისთვის სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა ФСБ-ის დირექტორის მოადგილე, სერგეი კარალიოვი, რომელიც დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის სავარაუდო შემცვლელად მიიჩნევა.
  • ჯერჯერობით უცნობია, თუ რას უკავშირდება ჩხრეკა გენადი პეტროვის სახლში.

დიდი სურათი: ილია ტრაბერი ერთადერთი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელთან ნაცნობობასაც ვლადიმირ პუტინი არ უარყოფს. ილია ტრაბერი საბჭოთა წყალქვეშა ნავების ფლოტის ყოფილი ოფიცერია, რომელმაც 1980-იანი წლების მიწურულიდან სანქტ-პეტერბურგში ანტიკვარიატით ვაჭრობის ბიზნესი წამოიწყო.

  • ტრაბერის ანტიკვარულ სალონს ხშირად სტუმრობდა სანქტ-პეტერბურგის მაშინდელი მერის, ანატოლი სობჩაკის ცოლი.
  • მოგვიანებით ტრაბერმა შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ვიბორგში და პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა ქალაქს. 1990-იანი წლებიდან ტრაბერი ტამბოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთ არაფორმალურ ლიდერად მიიჩნეოდა.
  • ტრაბერის ხელმძღვანელობით ტამბოველებმა ხელში ჩაიგდეს სანქტ-პეტერბურგის საზღვაო პორტი და ტერმინალი. ტრაბერის დაჯგუფება ასევე აკონტროლებდა პულკოვოს აეროპორტის ნავთობის მიწოდების სქემას.
  • არაერთი გამოძიების ცნობით, ქალაქში უმსხვილეს და ყველაზე მომგებიან ბიზნესებზე კონტროლის დამყარებაში ტრაბერსა და ტამბოვის დაჯგუფებას ქალაქის იმდროინდელი ვიცე-მერი, ვლადიმირ პუტინი ეხმარებოდა.
  • წყაროების ცნობით, პუტინი კანონის გვერდის ავლით ფლობდა წილს ტრაბერის კომპანიაში, რომელიც ნავთობით ამარაგებდა პულკოვოს აეროპორტს.
  • ტრაბერის ყოფილი პირადი მცველის, სერგეი კოსირევის ცნობით, ვლადიმირ პუტინი დროგამოშვებით სტუმრობდა ტრაბერს სხვადასხვა საკითხზე რჩევებისთვის. კოსირევი იხსენებს შემთხვევას, როდესაც „უხასიათოდ მყოფმა“ ტრაბერმა პუტინს თავის მისაღებში რამდენიმე საათი ალოდინა.
  • 1990-იანი წლების მიწურულს ტრაბერი ევროპაში გადაბარგდა, თუმცა პუტინთან მისი კავშირების შესახებ გავრცელებული ცნობებისა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფონზე, სამშობლოში დაბრუნდა.
  • ბოლო წლებში ტრაბერის ბიზნესი ძირითადად ჩრდილოეთის საზღვაო გზის გასწვრივ პორტების მშენებლობას უკავშირდებოდა.

სტრიქონებს შორის: გენადი პეტროვი სანქტ-პეტერბურგის კიდევ ერთი ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების, „მალიშევსკის“ ლიდერი და მსხვილი ბიზნესმენია.

  • 1990-იან წლებში პეტროვი აკონტროლებდა წილებს პეტერბურგის სანავთობო კომპანიასა და სანავთობო ტერმინალში.
  • ამასთანავე, პეტროვი ბანკ „როსიას“ მეწილეც გახდა, რომლის თანადამფუძნებლები ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები (სააგარაკე კოოპერატივი „ოზერო“) არიან, მათ შორის, იური კოვალჩუკიც.
  • მოგვიანებით პეტროვი პუტინის მეგობრებს სანქტ-პეტერბურგის კამენის კუნძულზე, ცნობილ დასახლებაშიც დაუმეზობლდა.
  • 1996 წელს პეტროვი ესპანეთში გადაბარგდა, სადაც ადგილობრივი სამართალდამცავების ყურადღება მიიპყრო.
  • პეტროვი რუსეთის უმაღლეს თანამდებობის პირებთან სატელეფონო საუბრებში განიხილავდა დანიშვნებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებში, მათ შორის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა და საგამოძიებო კომიტეტში.
  • ამავე სატელეფონო საუბრებში პეტროვი ვლადიმირ პუტინს თავის მეგობარს უწოდებს და ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ КГБ-ში მუშაობის წლებიდან იცნობს.
  • 2008 წელს პეტროვი დაჯგუფების სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა საქმე სასამართლოში დაიშალა, რის შემდეგაც პეტროვი რუსეთში დაბრუნდა.
  • ბოლო წლებში პეტროვის ბიზნესი მსხვილ სახელმწიფო ტენდერებს უკავშირდებოდა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე