რუსული დრონი რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალაცში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციას რუმინული რადიოსადგური Pro Lider FM და რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.
ვითარების არსი: ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლის მცხოვრებლები შუაღამისას დრონისთვის დამახასიათებელმა ხმამ გააღვიძა. ამის შემდეგ გაისმა აფეთქების ძლიერი ხმა, რასაც მე-10 სართულზე მდებარე ბინაში ხანძრის გაჩენა მოჰყვა.
- შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები და პოლიცია მუშაობდნენ. შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
- ბინა, რომელსაც დრონი დაეჯახა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
- გალაცის რეგიონალური სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორმა, დანიელა ენჩუმ განაცხადა, რომ ქალმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, ხოლო 14 წლის ბიჭმა მწვავე სტრესული რეაქცია გადაიტანა. ორივე დაზარალებულმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღო.
სტრიქონებს შორის: მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა ოდესის ოლქზე რუსული დრონების ჯგუფის თავდასხმის შესახებ განაცხადა.
- რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ დრონი, რომელიც გალაცში მრავალსართულიან სახლს დაეჯახა, რუსული იყო.
- რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ გალაცში საცხოვრებელ სახლზე რუსული დრონის თავდასხმა ნატოს მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველია, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.
- "წუხანდელი ინციდენტი მიეკუთვნება იმ ინციდენტების კატეგორიას, რომლებიც ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებას ამართლებს. საუბარია მოკავშირე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებზე იმ მომენტში, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ცხადია, მე-4 მუხლის გამოყენება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ეს არის იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ეხება ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს მოცემულ მომენტში." - აღნიშნა მან. "ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც რუმინეთს შეუძლია ისარგებლოს."
დიდი სურათი: კითხვაზე, მოიწვევენ თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დრონის ინციდენტთან დაკავშირებით და განიხილა თუ არა ეს საკითხი პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან, ცოიუმ უპასუხა, რომ განხილვები მიმდინარეობს.
- "პრეზიდენტმა საჭირო განცხადებები დღესვე უნდა გააკეთოს. პრეზიდენტის პრეროგატივაა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და, შესაბამისად, ამის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება. მეც და თავდაცვის მინისტრიც მუდმივ კავშირზე ვართ როგორც პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და მოკავშირეებთან. ნატოს გენერალურმა მდივანმაც მიიღო მთელი ეს ინფორმაცია," - განაცხადა ცოიუმ.
კონტექსტი: რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები 47-ჯერ იპოვეს.