დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:46 | 26 ნოემბერი, 2026 — გერმანია

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ლე პენისგან დაცვას ცდილობენ - Financial Times

საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტი მარინ ლე პენის შესაძლო პრეზიდენტობისგან დაიცვან, რადგან პრორუსი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეთანხმების ჩაშლით იმუქრება.

ვითარების არსი: Financial Times-ის ცნობით, ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს, განაცხადა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ქვეყნის შენატანს გაანახევრებს და უკრაინის დაფინანსებას შეწყვეტს.

  • მასთან დაახლოებული წყაროს თქმით, მან ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის ბიუჯეტის შეთანხმების რატიფიცირებაზე უარი თქვას.
  • მოლაპარაკებებთან დაახლოებული ორი ოფიციალური პირის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობამ 2028 წლიდან ბლოკის ბიუჯეტში ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებისთვის დამატებით 35 მილიარდი ევრო მოითხოვა.
  • მათივე თქმით, ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს საფრანგეთისთვის სარგებლის მაქსიმალურად გაზრდას, რათა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ლე პენს შეთანხმების გაკრიტიკება გაურთულდეს.

სტრიქონებს შორის: თავის მხრივ, გერმანიას სურს, უკრაინის მომავალი დაფინანსება ევროკავშირის საბიუჯეტო კანონმდებლობაში ასახოს, რითაც უზრუნველყოფს, რომ საფრანგეთმა ან რომელიმე სხვა წევრმა სახელმწიფომ უკრაინის დამატებით მხარდაჭერას ვეტო ვერ დაადოს.

  • ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, გერმანიის მოთხოვნა მიზნად ისახავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა "ლე პენის მიმართ მოწყვლადი აღარ იყოს."
  • ევროკავშირის დიპლომატმა კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ საბიუჯეტო შეთანხმების ჩაშლა შეუძლებელი ყოფილიყო.

დიდი სურათი: ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებული მუქარის შესრულება ნაწილობრივ იმაზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა ლე პენის "ეროვნული გაერთიანება" საპარლამენტო უმრავლესობას.

  • ევროკავშირის ლიდერები საბიუჯეტო წინადადებებს პირველად განიხილავენ და შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე შეეცდებიან.
  • მას შემდეგ, რაც ლიდერები ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმდებიან, წევრი სახელმწიფოები მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან გააგრძელებენ.
  • მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნები რატიფიცირების პროცესის დაწყებას, რაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, პარლამენტის მხარდაჭერას მოითხოვს.

კონტექსტი: ფრანგი მაღალჩინოსნების თქმით, საფრანგეთის პარლამენტი თებერვლის ბოლოს შესვენებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რატიფიცირების პროცესის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა.

  • გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცება პირდაპირ დაუკავშირა უკრაინის გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფას.
  • გერმანია, რომელზეც ევროკავშირის ხარჯების დაახლოებით მეოთხედი მოდის, ბიუჯეტს ხელს არ მოაწერს, თუ წევრი სახელმწიფოები არ დათანხმდებიან უკრაინის მხარდაჭერის შეტანას ბლოკის "საკუთარი რესურსების" შესახებ კანონმდებლობაში.
  • ეს მათ საშუალებას მისცემს, მომავალში დაფინანსების გაზრდა ერთსულოვანი თანხმობის ნაცვლად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცონ.

ასევე ნახე