19:29 | 01 ივნისი, 2026 — რუსეთი
საფრანგეთის მიერ დაკავებული ტანკერი ირანის თავდაცვის ყოფილი მინისტრის შვილს ეკუთვნის
რუსული დამოუკიდებელი მედია "ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ დაკავებული ტანკერი ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპული მრჩევლის ოჯახთან არის დაკავშირებული.
ვითარების არსი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მონაწილეობით, კვირა დილას ატლანტის ოკეანეში რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერი Tagor-ი დააკავეს.
- ტანკერის დაკავების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაავრცელა.
- საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერი რუსეთიდან მიემართებოდა. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების სიების მიხედვით, Tagor-ს რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადააქვს. პორტალ Vesselfinder-ის მონაცემებით, ტანკერი ხშირად შედიოდა მურმანსკის პორტში.
კავშირი ირანთან: საზღვაო გემების რეესტრის თანახმად, Tagor-ი ეკუთვნის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბაზირებულ კომპანია Zulu Ships Management-ს.
- აშშ-ის ხელისუფლება ამ კომპანიას აკავშირებს ირანელი მოჰამედ ჰუსეინ შამჰანის ქსელთან.
- შამჰანი ადმირალ ალი შამჰანის შვილი, რომელიც თავის დროზე ირანის თავდაცვის მინისტრის, ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და ირანის უზენაესი ლიდერის მრჩევლის პოსტებს იკავებდა.
- თავად კომპანიაში ამ კავშირებს უარყოფენ.
- ალი შამჰანი 2026 წლის თებერვალში, ამერიკული და ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა.
- აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, უმცროსი შამჰანის ფლოტი 50-ზე მეტი ტანკერისგან და კონტეინერების გადამზიდი სატვირთო გემისგან შედგება.