12:24 | 01 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა
საჰაერო განგაშის თითოეული საათი უკრაინის ეკონომიკას $45 მილიონი უჯდება
საჰაერო განგაშის დროს ბიზნესის გაჩერება უკრაინის ეკონომიკას ყოველ საათში დაახლოებით $45 მილიონი უჯდება.
The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, ოლექსანდრ კრავჩენკომ განაცხადა, რომ ინტენსიური დაბომბვების ფონზე, მთავრობა ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნების გზებს ეძებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საჰაერო განგაშის სირენები დღეში ხშირად 10 საათამდე გრძელდება.
- როგორც მინისტრი აღნიშნავს, "როცა ხალხი ბუნკერშია, ბიზნესი ჩერდება".
- რუსეთის მიზანი ახლა უკვე პირდაპირ ეკონომიკის განადგურებაა.
- საოკუპაციო ძალები ახალი, რეაქტიული დრონებით მიზანმიმართულად უტევენ ქარხნებს, საწყობებს, ლოგისტიკურ ჰაბებსა და მონაცემთა ცენტრებს.
გამოსავალი: მინისტრის თქმით, ეკონომიკური დარტყმის შესამცირებლად, უკრაინამ ორდონიანი განგაშის სისტემა დანერგა:
"წითელი" განგაში: სარაკეტო საფრთხე - ყველა ვალდებულია თავშესაფარში ჩავიდეს.
"ყვითელი" განგაში: დრონების საფრთხე - ბიზნესების დიდ ნაწილს მუშაობის გაგრძელების უფლება აქვს (ამჟამად ბიზნესების 50%-ზე მეტი ყვითელი განგაშის დროს მუშაობას აგრძელებს).
რისკები: ყვითელი განგაში უსაფრთხოების გარანტია არ არის. მიმდინარე კვირის ორშაბათს, ყვითელი განგაშის დროს, რუსული რეაქტიული დრონი კიევის ცენტრში, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაეცა.
- თავდასხმას ორი აკადემიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებიც შენობაში მუშაობდნენ.
ფართო სურათი: მხოლოდ წელს, უკრაინის ფიზიკურმა აქტივებმა $10 მილიარდის ზარალი განიცადა. ამას ემატება შავი ზღვის პორტების საჰაერო ბლოკადაც, საიდანაც ექსპორტის ძირითადი ნაწილი გადიოდა.
წლის ბოლომდე ბიუჯეტის დეფიციტი $27 მილიარდამდე იყო, თუმცა ხარჯების შემცირებითა და შიდა რეზერვების მოძიებით, მთავრობამ ეს მაჩვენებელი $20 მილიარდამდე შეამცირა.
უკრაინა ევროკავშირისგან, იაპონიისგან, კანადისა და ბრიტანეთისგან დამატებით დახმარებას და მომავალი წლისთვის გათვლილი სესხების გადმოწევას ითხოვს.
რას უნდა ველოდოთ: მთავრობა ომის დაწყების დღიდან "ყველაზე რთული და მკაცრი ზამთრისთვის" ემზადება.
- ინფრასტრუქტურის დასაცავად, განიხილება ინიციატივაც, რომელიც კერძო ბიზნესებს უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის უფლებას მისცემს.