11:40 | 14 აგვისტო, 2026 — ოკუპირებული ყირიმი
სევასტოპოლში, სავარაუდოდ, რუსეთის მხარეს გადასული სამხედრო ააფეთქეს
ანექსირებულ სევასტოპოლში ბომბის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო დაიღუპა.
ვითარების არსი: ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ სამმართველოში განაცხადეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი - 1994 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ქალი. მათი მტკიცებით, ის უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.
- ასაფეთქებელი მოწყობილობა სტოლეტოვის პროსპექტზე, სკამთან მდგარ ურნაში იყო ჩადებული. ამ ინფორმაციას ძალოვანებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხები, Baza და Mash ავრცელებენ.
- თვითმხილველთა თქმით, კაცი კიბეზე მეგობართან ერთად ჩადიოდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტელეგრამ-არხი ЧП/Крым იტყობინებოდა, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქალი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დააკავეს. მოგვიანებით არხმა ეს ინფორმაცია წაშალა.
ჩაშლილად: როგორც რამდენიმე ტელეგრამ-არხი და პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარიი წერენ, დაღუპული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი რობერტ შაგეევია. ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
- ძალოვანებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი "112" წერს, რომ აფეთქების შედეგად პირველი რანგის კაპიტანი დაიღუპა, თუმცა მის სახელსა და გვარს არ ასახელებს.
- რობერტ შაგეევი ერთადერთი უკრაინული წყალქვეშა ნავის, "ზაპოროჟიეს“ ყოფილი მეთაური და ყირიმის მკვიდრია.
- 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მან წყალქვეშა ნავი რუს სამხედროებს ჩააბარა. ამის შემდეგ შაგეევი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავ "ველიკი ნოვგოროდის" მეთაური, მოგვიანებით კი - რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების მეოთხე ცალკეული ბრიგადის მეთაურის მოადგილე გახდა.
- უკრაინაში მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმეა აღძრული. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ამტკიცებდა, რომ შაგეევი რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობს.