სერგეი შოიგუს ყოფილ პირველ მოადგილეს, რუსლან ცალიკოვს, გაფლანგვისა და ქრთამის აღების საქმეზე 10 წელი მიუსაჯეს.
პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნისთვის 18 წელს ითხოვდა.
ვითარების არსი: მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ 70 წლის ცალიკოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 500 მილიონი რუბლის ჯარიმა მიუსაჯა.
- მას ასევე გათავისუფლებიდან 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში თანამდებობების დაკავება აეკრძალა და ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვა.
- ცალიკოვი 2026 წლის მარტში დააკავეს და გაფლანგვის 12 ეპიზოდში (ასევე გატაცებული სახსრების ნაწილის ლეგალიზაციაში) და ქრთამის აღების ორ ეპიზოდში დაადანაშაულეს.
- ბრალდება ეხებოდა მაქინაციებს "ვოენტორგში" - თავდაცვის სამინისტროს სამეურნეო სტრუქტურაში, რომელსაც ცალიკოვი კურირებდა.
- სასამართლო პროცესი მისი საქმის ირგვლივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა - პროკურატურაში ეს იმით დაასაბუთეს, რომ მასალების გამჟღავნებამ "შესაძლოა დაარღვიოს სახელმწიფოს საჯარო ინტერესები თავდაცვის სფეროში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის პირობებში".
წინარე ისტორია: რუსლან ცალიკოვი სერგეი შოიგუს გუნდის ერთ-ერთ ყველაზე ძველი წევრია.
- 2007-2012 წლებში იყო საგანგებო სიტუაციების მინისტრის (იმ დროს სერგეი შოიგუ) პირველი მოადგილე.
- 2012 წელს შოიგუ მოსკოვის ოლქის გუბერნატორი გახდა, მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასევე ცალიკოვი დაინიშნა.
- იმავე წელს შოიგუ თავდაცვის სამინისტროში გადავიდა და თავისი მეგობარი ჯერ მოადგილეთ, შემდეგ კი პირველ მოადგილედ დანიშნა.
- თავდაცვის სამინისტროდან ცალიკოვი შოიგუს წასვლიდან 1.5 თვეში დაითხოვეს.
დიდი სურათი: 2024 წლის 24 აპრილი ითვლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ე.წ. წმენდის დაწყების დღედ.
- 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.
- 2024 წლის 12 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
- 2024 წლის 14 მაისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს საკადრო განყოფილების უფროსი იური კუზნეცოვი.
- 2024 წლის 23 მაისს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შეკვეთებზე პასუხისმგებელი ვლადიმირ ვერტელეცკი.
- 2024 წლიდან დღემდე სხვადასხვა ბრალდებებით დაკავებულია კიდევ 7 თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელიც თანამდებობას შოიგუს დროს იკავებდა.