13:07 | 29 მაისი, 2026
შვედური Gripen-ები და Meteor-ის რაკეტები უკრაინას - რატომ არის მნიშვნელოვანი
უკრაინისა და შვედეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, კიევი მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას მიიღებს, რაც შვედური წარმოების „Gripen“-ის ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლებისა და თანამედროვე საავიაციო შეიარაღების გადაცემას გულისხმობს.
რას მიიღებს უკრაინა და რა რაოდენობით?
უკრაინა ეტაპობრივად მიიღებს შვედური წარმოების მრავალფუნქციურ ავიაგამანადგურებლებსა და მათთვის საჭირო შეიარაღებას:
Gripen C/D: შვედეთი უკრაინას ორმხრივი დახმარების ფარგლებში გადასცემს 16 ერთეულ Gripen C/D მოდიფიკაციის თვითმფრინავს, რომელთა მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება.
Gripen E/F: უკრაინა გეგმავს 22 ერთეული Gripen E/F-ი მოდიფიკაციის შესყიდვას (2,5 მლრდ ევროს ოდენობის ევროკავშირის კრედიტით), ხოლო მოგვიანებით, 2030 წლიდან, დამატებით 20 მოდერნიზებული Gripen E-ს მიწოდება იგეგმება.
შეიარაღება: თვითმფრინავებთან ერთად უკრაინა მიიღებს Meteor-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია 2 ერთეული Saab 340 AEW&C (AWACS) ტიპის ადრეული აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავების შესაძლო დაპირების შესახებ.

Saab 340 AEW&C ადრეული აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავები.

Gripen-ის ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი.
Gripen-ის შესაძლებლობები და უპირატესობები
Gripen-ი დაპროექტებულია მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებში ოპერირებისთვის, სადაც მთავარი აქცენტი მობილურობასა და ავტონომიურობაზეა.
ადაპტირებულობა: თვითმფრინავი გამოირჩევა სწრაფი მომსახურებით, შეუძლია ოპერირება მოკლე ან დროებითი აეროდრომებიდან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვია, თვითმფრინავს შეუძლია საავტომობილო გზების გამოყენება აფრენა/დაფრენისთვის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
უნივერსალურობა: თვითმფრინავის ღია სისტემური არქიტექტურა საშუალებას იძლევა, მასზე უმოკლეს დროში მოხდეს ახალი შეიარაღებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება. შესაბამისად, ამ საფრენ აპარატს შეუძლია გამოიყენოს ევროპული და ამერიკული წარმოების ფართო სპექტრის შეიარაღება, რაც უკრაინისთვის ლოგისტიკურად მოსახერხებელია.
რატომ არის Meteor-ი ასეთი მნიშვნელოვანი?
რუსული ავიაცია უკრაინული პოზიციებისა და ქალაქების დაბომბვისთვის აქტიურად იყენებს პლანირებად ავიაბომბებს (КАБ/УМПК). მათი ჩამოყრა ხდება ფრონტის ხაზიდან თითქმის 100 კილომეტრის დაშორებით; ეს მანძილი უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა.
ეფექტი: Meteor-ის ტიპის რაკეტის მოქმედების მანძილი 120–200 კილომეტრს შეადგენს. შესაბამისად, რუსული ავიაცია უკრაინული გამანადგურებლების საპასუხო დარტყმის ზონაში აღმოჩნდება, რაც რუს პილოტებს მაღალი რისკის წინაშე დააყენებს. თუ რუსი პილოტები ბომბების უფრო შორი მანძილიდან ჩამოყრას გადაწყვეტენ, ეს მათ სიზუსტეზე უარყოფითად აისახება.
AWACS-ის როლი: ეს რადარი მოწინააღმდეგის საბრძოლო თვითმფრიანვებს 350-400კმ-ის მანძილზე აფიქსირებენ, ხოლო რაკეტებს/დამრტყმელ დრონებს 250-300კმ მანძილზე.
შესაბამისად, Saab 340 AEW&C-ის გამოყენებისას Gripen-ს შეუძლია „მეტეორის“ გაშვება საკუთარი რადარის ჩართვის გარეშე, გარე წყაროდან მიღებული კოორდინატებით, რაც მის შეუმჩნევლობას და ეფექტურობას მკვეთრად გაზრდის.
Gripen-ის ავიაგამანადგურებელი აღჭურვილი Meteor-ის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტით.
Meteor-ის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა.
Meteor-ის რაკეტის გამოყენების რადიუსი ქალაქი დნიპროდან.
ვადები და სამომავლო გეგმები
პირველი Gripen-ები: პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, პირველი თვითმფრინავების მიღებას დეკემბერ-იანვრის პერიოდში ელოდებიან.
სტრატეგიული მიზანი: უკრაინას ჰქონდა მცდელობა 150-მდე Gripen-ის შესყიდვისა, თუმცა რეალურმა ფინანსურმა და საწარმოო შესაძლებლობებმა ეს გეგმა დააკორექტირა.
პილოტების მომზადება: შვედეთმა პილოტების წვრთნა უკვე დიდი ხანია დაიწყო, პარალელურად სხვა ტიპის (F-16, Mirage) თვითმფრინავების მომზადების პროცესისა.
შეჯამება
- Meteor-ის ტიპის რაკეტები რუსული ავიაციის აქტივობის შეზღუდვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუ აქამდე საოკუპაციო არმიის ავიაცია უკრაინელ სამხედროთა პოზიციებს და ქალაქებს „უსაფრთხო“ დისტანციიდან ბომბავდა, ამ რაკეტების შეიარაღებაში შესვლის შემდეგ ისინი მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.