14:13 | 12 ნოემბერი, 2026 — საქართველო
სოხუმი და ცხინვალი საქართველოსთან ძალის არგამოყენების შეთანხმებას ითხოვენ - ჟენევის დისკუსიები
10–11 ნოემბერს, ჟენევაში, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი გაიმართა.
შეხვედრაში საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მოლაპარაკებებს ევროკავშირი, გაერო და ეუთო თანათავმჯდომარეობდნენ.
ვითარების არსი: სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კვლავ მოითხოვეს საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება.
თბილისის პოზიცია: საქართველოს ხელისუფლებას ძალის არგამოყენების ვალდებულება უკვე გაცხადებული აქვს.
- თუმცა თბილისი მიიჩნევს, რომ შესაბამისი შეთანხმება რუსეთთან უნდა გაფორმდეს, რადგან კონფლიქტის მხარე სწორედ მოსკოვია და არა ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები.
ცხინვალის მოთხოვნები: სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისმა დელეგაციამ ძალის არგამოყენების შესახებ პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავების გაგრძელებას დაუჭირა მხარი.
ცხინვალის განცხადებით, ეს საბოლოოდ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოყენებისა და მისი მუქარის აკრძალვის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას უნდა ემსახურებოდეს.
დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება შედარებით მშვიდია.
ცხინვალმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის დაცვისკენაც მოუწოდა.
კიდევ ერთი საკითხი: ცხინვალის დელეგაციამ საქართველო სამი ოსი მოქალაქის, პლიევის, ხაჩიროვისა და ხუგაევის იძულებით გაუჩინარების საქმეების გამოძიების შეფერხებაში დაადანაშაულა.
- დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ქართული მხარე ამ საქმეებზე პროგრესს ხელს უშლის.
სოხუმის მოთხოვნები: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისმა დელეგაციამ, ძალის არგამოყენების შეთანხმებასთან ერთად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხიც წამოჭრა.
სოხუმის განცხადებით, მექანიზმის სრულფასოვანი მუშაობის განახლებისთვის დამატებითი წინადადებები წარადგინა.
დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, ინიციატივები არსებული უთანხმოებების დაძლევასა და მხარეებისთვის მისაღები გადაწყვეტილებების მოძიებას ემსახურება.
სპორტი და საერთაშორისო იზოლაცია: სოხუმის დელეგაციამ საქართველოს აფხაზი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეშლაშიც დასდო ბრალი.
დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, თბილისი ორგანიზატორებზე ზეწოლას ახდენდა, რათა აფხაზ სპორტსმენებს თურქეთში მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირსა და ესპანეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიეღოთ.
სოხუმმა ასევე წამოჭრა თურქეთის ადნან მენდერესის უნივერსიტეტის დოცენტის, ელჩინ აძინბას მიმართ სავარაუდო მუქარისა და ზეწოლის საკითხი.
აძინბამ ჟენევაში, გაეროს უმცირესობათა საკითხების ფორუმზე, აფხაზეთის მოსახლეობის საერთაშორისო იზოლაციაზე ისაუბრა.
- აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, დაუშვებელია ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სპორტული ურთიერთობების პოლიტიზება.
შემდეგი შეხვედრა: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 69-ე რაუნდი 2027 წლის მარტშია დაგეგმილი.