გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ უკრაინას ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე ე.წ "ასოცირებული წევრის" სტატუსი უნდა მიენიჭოს, რაც დროებით ღონისძიებად მიაჩნია.
ვითარების არსი: კიევში სურვილი აქვთ, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად სწრაფად გაიაროს ევროკავშირის ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯები, რაზეც ბლოკის წევრი ქვეყნების დიდ ნაწილს ჩამოყალიბებული პასუხი არ გააჩნია.
- მიიჩნევა, რომ იქამდე, სანამ ევროკავშირი ახალ გაფართოების ტალღას წამოიწყებს, საჭიროა შიდა რეფორმა, რათა გაერთიანებამ ეფექტურად გააგრძელოს ფუნქციონირება ახალ რეალობაში;
- იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ზუსტი პასუხი არ არსებობს, საუბარია სხვადასხვა ვერსიებზე, მათ შორის იმის მსგავსზე, რაც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა;
- გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიხედვით, ქვეყნის კანცლერის ინიციატივა გულისხმობს, რომ "ნაწილობრივ დააკმაყოფილონ" უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის სხვა ქვეყნები, რომლის მიხედვითაც ისინი სრულად ვერ შეძლებენ ყველა უფლებით სარგებლობას, ამის მაგალითად, შეზღუდული ხმის მიცემის უფლება სახელდება;
- ევროკავშირში ერთის მხრივ აცნობიერებენ, რომ "გეოპოლიტიკური აუცილებლობა" გაფართოებას მოითხოვს, თუმცა დაჩქარებულ რეჟიმში ამის გაკეთება რთულია, რის გამოც დროებითი ზომის მიღება სულ უფრო რეალური ხდება.
სტრიქონებს შორის: უკრაინისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა უნგრეთის ხელისუფლების ცვლილება, რადგანაც ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის პირობებში, გაწევრიანების პროცესი, ნებისმიერი ფორმით, გაცილებით უფრო რთულად გამოიყურებოდა.
კიევში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც NATO-ში გაერთიანების ალბათობა, პირველ რიგში აშშ-ს პრეზიდენტის მოქმედ ადმინისტრაციის პოზიციიდან გამომდინარე, ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება.
კიდევ ერთი დეტალი: უკრაინისთვის, ისევე როგორც მოლდოვასთვის, ახლა კარგი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, რადგანაც ერთის მხრივ, დაძლეულია ვიქტორ ორბანის საკითხი, ხოლო მეორე კუთხით - ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში, უახლოეს მომავალში არჩევნები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებულ ადმინისტრაციებს ცვლილება არ ემუქრებათ.
გამონაკლის წარმოადგენს საფრანგეთი, სადაც ერთ წელიწადში, საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.