15:11 | 09 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი
"სრულიად ამორალურია" - მერცი შროდერის პუტინთან შეხვედრას აკრიტიკებს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მკვეთრად გააკრიტიკა ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შროდერის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მისი დაბადების დღის აღნიშვნა. ამ ინფორმაციას ntv ავრცელებს.
ვითრების არსი: მთავრობის პრესმდივნის მოადგილემ, შტეფენ მაიერმა განაცხადა, რომ მერცი ამ შეხვედრით ღრმად აღშფოთებულია.
- მისი თქმით, "მხოლოდ პუტინია" პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე, ხოლო მისი ბრძანებები ყოველდღიურად იწვევს "ენით აღუწერელ ტანჯვას, მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, დაშორებულ ოჯახებს, ასევე დაღუპულებსა და დაჭრილებს."
- ამ ფონზე, კანცლერს "აბსოლუტურად ამორალურად" მიაჩნია ის, რომ შროდერი პუტინთან ერთად ზეიმობს.
- ამ ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც გერმანიის საელჩო უკრაინაში და არც შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო.
სტრიქონებს შორის: მანამდე გერმანელმა პოლიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი რუსეთში ვიზიტის გამო.
ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გერინგ-ეკარდტმა შროდერის ვიზიტს მოსკოვში "სირცხვილი" და "ევროპის ღალატი" უწოდა.
"სირცხვილი გერმანიისთვის. ევროპის ღალატი. დათვური სამსახური მშვიდობისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან სხვა რამეს არც ველოდი," - დაწერა მწვანეთა პარტიის დეპუტატმა.
ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-ანეს შტრაკ-ციმერმანმა ექს-კანცლერს "გერმანიის ყველაზე თავხედი პენსიონერი" უწოდა. მანაღნიშნა, რომ ყოფილი კანცლერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საგამოძიებო კომისიების სხდომებზე არ ცხადდება, თუმცა, ამავდროულად, პოულობს ძალას რუსეთში გამგზავრებისთვის.
დიდი სურათი: კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილი კანცლერთან, გერჰარდ შროდერთან ერთად აღნიშნა.
- 7 ოქტომბერს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრპდერი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთში ჰიპერმარკეტების ქსელ Globus-ის ერთ-ერთ მაღაზიას ეწვია, სადაც თანამდებობა ახლახან დაიკავა.