ახალი ამბები

12:17 | 03 აგვისტო, 2026 — რუსეთი

თავდასხმა რუს გენერალზე: მოსკოვში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო იყო.

ვითარების არსი: მანამდე ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი სამი დაღუპულის შესახებ წერდა: ქალზე, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა, დაცვის თანამშრომელსა და ერთ-ერთ ვიზიტორზე.

  • რუსეთს საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვითომდა საჩუქრის ყუთში იყო დამალული და დისტანციურად აამოქმედეს. გამოძიება განიხილავს ვერსიას, რომ ქალმა, რომელმაც ყუთი მიიტანა, შესაძლოა არ იცოდა რა იყო ყუთის შიგნით.
  • რუსული მედია და ტელეგრამ-არხები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის ობიექტი შესაძლოა ყოფილიყო კერძო ღონისძიება, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრ ჩაიკოს დაბადების დღეს.

სტრიქონებს შორის: აფეთქების შემდეგ რესტორანმა Balzi Rossi-მ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.

  • ადმინისტრაციამ ასევე ბოდიში მოიხადა ინციდენტიდან მალევე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ყველაფერი რიგზეა." მოგვიანებით ეს პუბლიკაცია წაიშალა.
  • მოსკოვის ცენტრში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან Balzi Rossi-სთან მომხდარი აფეთქების მრავალი გარემოება ბუნდოვანია.
  • რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა, თუმცა ვის წინააღმდეგ იყო მიმართული თავდასხმა, ჯერ არ განუცხადებია. არ არის დადასტურებული არც ცნობები იმის შესახებ, რომ დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. რუსულ მედიასა და ტელეგრამ-არხებს თითქმის ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ შაბათს საღამოს რესტორანში თავისი იუბილე უნდა აღენიშნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ახლადდანიშნულ სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჩაიკოს, რომელსაც 27 ივლისს 55 წელი შეუსრულდა.

დიდი სურათი: იტალიურ რესტორანთან აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა კურიერი ქალი, რომელმაც დაწესებულებაში ყუთში შეფუთული საჩუქარი მიიტანა.

  • რესტორანში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჩაიკოს იუბილეს აღნიშნავდნენ, რომელსაც 55 წელი 27 ივლისს შეუსრულდა. დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში წვეულებაზე დაახლოებით 50 სტუმარი შეიკრიბა.
  • გამოცემა Верстка რესტორანში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაჭრილებს შორის არის ჩაიკოს ქალიშვილიც, 25 წლის მარია ჩაიკო.  

გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო

კონტექსტი: გენერალი ჩაიკო რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ამ წლის მაისის დასაწყისში გახდა.  

  • მისმა წინამორბედმა, გენერალმა ვიქტორ აფზალოვმა ეს პოსტი 2023 წლის ოქტომბერში დაიკავა ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ. მთავარსარდლის პოსტზე აფზალოვის მუშაობა სკანდალური იყო. 2024 წლის 25 დეკემბერს, გროზნოსთან ახლოს, ჩამოაგდეს "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავი, რომელიც საბოლოოდ ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა.
  • ამ ინციდენტის შემდეგ ახალი მთავარსარდლის პოზიციები შეირყა და BBC-ის წყაროები სამხედრო წრეებში ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ, რომ უმაღლესი მთავარსარდალი მის შემცვლელზე ფიქრობდა. 2025 წლის 1 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარა ოპერაცია "აბლაბუდა." მაშინ რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აეროდრომებზე უკრაინულმა დრონებმა ძვირადღირებული ბომბდამშენები ააფეთქეს.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენშტაბმა განაცხადეს, რომ დაზიანდა 41 რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ნატოს ექსპერტების შეფასებით, დაზიანდა 40 თვითმფრინავი, ხოლო სრულად განადგურდა 10-დან 13 ერთეულამდე.

ვინ არის გენერალი ჩაიკო: საჰაერო-კოსმოსური ძალების ახალი მთავარსარდალი ჩაიკო უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებს სარდლობდა. მის დაქვემდებარებაში მყოფ ნაწილებს ბრალად ედებოდათ ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობა.

  • საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლად დანიშვნისას, ჩაიკოს, სავარაუდოდ, დავალებად განუსაზღვრეს, რომ საბოლოოდ აეგო სამხედრო აეროდრომებზე დამცავი ანგარები თვითმფრინავებისთვის.
  • მისი დანიშვნის მომენტიდან გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გენერალმა ჩაიკომ ამ ამოცანის გადაჭრა ვერ შეძლო. 17 ივლისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ განაცხადა ენგელსის აეროდრომზე სტრატეგიული ბომბდამშენის, Ту-95-ის განადგურების შესახებ და ამის კადრებიც გამოაქვეყნა.
  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, რუსი ოფიცრები თავდასხმების სამიზნე გახდნენ. 2026 წლის თებერვალში მძიმედ დაიჭრა ГРУ-ს უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ალექსეევი.
  • 1 აგვისტოს მოსკოვში მომხდარ აფეთქებასთან კავშირის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე