18:07 | 08 ოქტომბერი, 2026 — აშშ-სა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ
ტრამპი დროს არჩევს - ამერიკელ სამხედროებს ირანზე შესაძლო დარტყმებისთვის მზადყოფნა დაავალეს
პენტაგონმა ცენტრალურ სარდლობას დაავალა, დაასრულოს მომზადების პროცესი ირანის წინააღმდეგ შესაძლო მასშტაბური დარტყმების განახლებისთვის.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს; წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაფერის მომენტს ელოდება.
ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საჰაერო დარტყმების განახლების თარიღიც - გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ეს შესაძლოა ამერიკაში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდეც მოხდეს, რომლებიც 3 ნოემბერსაა ჩანიშნული.
კამპანიის განახლება შესაძლოა ასევე დაემთხვეს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც 27 ოქტომბერს ჩატარდება.
ჩაშლილად: იმავე წყაროს ცნობით, საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში ამერიკელთა მთავარი სამიზნე ირანის ენერგეტიკული და ბირთვული ინფრასტრუქტურა იქნება.
ცოტა ხნით ადრე გამოცემა Atlantic საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს დარტყმების განახლებას შუალედურ არჩევნებამდე - მათი წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამგვარმა ზომებმა შესაძლოა გააუმჯობესოს რესპუბლიკური პარტიის შედეგები.
დიდი სურათი: სწორედ ირანთან დაპირისპირება იყო ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნების შეხვედრის მთავარი თემა გასულ პარასკევს, რომელიც კემპ-დევიდის რეზიდენციაში გაიმართა.
Axios-ის წყაროს ცნობით, ჩიხში შესული მოლაპარაკებების ფონზე ირანის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების განახლების შანსი გასულ კვირებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ეს შუალედურ არჩევნებამდე მოხდეს - მისივე თქმით, საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა მკვეთრად გაიზრდება არჩევნების შემდეგ.
ამ ფონზე გასულ დღეებში ტრამპსა და ისრაელის პრემიერს, ბიბი ნეთანიაჰუს, შორის 2 სატელეფონო საუბარი შედგა. ისრაელის ლიდერი ესაუბრა სახელმწიფო მდივან რუბიოსაც.
წყაროების ცნობით, საომარი მოქმედებების განახლება პოლიტიკურად შესაძლოა მომგებიანი იყოს ნეთანიაჰუსთვისაც, რომელსაც თვის მიწურულს მძიმე არჩევნები აქვს - ომის განახლების შემთხვევაში ნეთანიაჰუს ოპონენტებს გაურთულდებათ მისი გაკრიტიკება კამპანიის გადამწყვეტ დღეებში.
კონტექსტი: ისრაელური წყაროების ცნობით, ირანის რეჟიმი პარანოიდულ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც მათ შესაძლოა მოქმედებისკენ უბიძგოს.
"ირანელებმა უკვე განიცადეს 2 მოულოდნელი შეტევა, მათ აღარ სურთ მესამე", - ამბობს წყარო.