აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ქმედებები გააკრიტიკა. ამის მიზეზი იყო თეირანის თავდასხმები ჰორმუზის სრუტეში მყოფ ტანკერებზე, რასაც აშშ-ის მიერ ირანში სამხედრო ობიექტების დაბომბვა მოჰყვა.
ვითარების არსი: ტრამპის თქმით, აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი "დასრულებულია."
- "ჩემთვის, ვფიქრობ, ეს დასრულებულია," - აღნიშნა ტრამპმა მემორანდუმის შესახებ ანკარაში, ნატოს სამიტის წინ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას. "მათთან საქმის დაიჭერა არ მინდა. ისინი ნაძირლები არიან."
- "ეს ავადმყოფი ხალხია. მათ ავადმყოფი ხალხი მართავს. და ისინი ბოროტი, ძალადობრივი ხალხია. ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ კიდეც. რაც შემეხება მე, ყველაფერი დასრულებულია," - აცხადებს პრეზიდენტი.
სტრიქონებს შორის: მან დაგმო ირანის თავდასხმა გემებზე, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან მიცემული პირობისა, რომ კონფლიქტის ესკალაციას არ მოახდენდა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესიების დროს.
- "ჩვენ ვუთხარით: წადით და თქვენი დაკრძალვის საქმეებს მიხედეთ, ამის ნაცვლად კი მათ გუშინ გემების მიმართულებით რაკეტების სროლა დაიწყეს. ჰოდა, წუხელ ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით, ძალიან ძლიერად." - ხაზი გაუსვა აშშ-ის ლიდერმა.
- ტრამპი ასევე ირანს მისი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ირანში გარკვეულ "სიებშია" შეყვანილი. გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს ტრამპი, თუმცა ამ კვირაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა გავრცელებულ კადრებს, სადაც ირანის მოქალაქეები ხამენეის დაკრძალვაზე მის მოკვლას ითხოვდნენ.
- "მათ აშშ-ის ლიდერის - ჩემი - თავიდან მოცილება უნდათ. მე მათ ნებისმიერ სიაში ვარ. ამ დილით ვნახე, რომ მათ აბსოლუტურად ყველა სიაში ვწერივარ. და აქამდე, მგონი, ცოტათი მიმართლებდა, მაგრამ შესაძლოა ეს დიდხანს არ გაგრძელდეს," - აღნიშნა მან. "ესენი ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან. და ჩვენ ეს კიბო ძირფესვიანად უნდა აღმოვფხვრათ. ეს კიბო. იცით, როგორ უნდა მოიქცეთ? კიბო ადრეულ სტადიაზევე უნდა ამოკვეთო. მე სწორედ ასე ვფიქრობ."
დიდი სურათი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტესთან კომერციულ გემებზე თავდასხმების საპასუხოდ ირანში 80-ზე მეტი სამიზნე დაბომბა. ირანმა კი, თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებს შეუტია.
- CNN-ის ცნობით, აშშ-მა სამშაბათს ირანი დაბომბა და აღადგინა სანქციები ირანული ნავთობის გაყიდვაზე ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ.
- ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, დაბომბეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამეთაურო და კონტროლის ქსელები, სანაპირო რადარები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების პოზიციები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 60-ზე მეტი მცირე კატარღა სრუტეში და მის მახლობლად, რათა შესუსტდეს ირანის შესაძლებლობა, გააგრძელოს თავდასხმები.
კონტექსტი: 17 ივნისს აშშ-მა და ირანმა დისტანციურად მოაწერეს ხელი მემორანდუმს ომის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.
- ეს დოკუმენტი წარმოადგენს საფუძველს 60 დღის განმავლობაში საბოლოო შეთანხმების დეტალების შესამუშავებლად, რომელმაც ზავის პირობები უნდა განამტკიცოს. ირანი მკაცრად მოითხოვდა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებს გამოეყენებინათ ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც მის კონტროლქვეშაა.