აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა სრულწლოვანი ამერიკელი 5 ათას დოლარს მიიღებს, თუ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს და შეინარჩუნებს კონტროლს წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე.
ვითარების არსი: ტრამპმა დალასში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას თქვა: "თუ რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ კონტროლს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე, მაშინ ჩვენი წარმოუდგენელი ეკონომიკური წარმატების წყალობით... მე ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს გადავუხდი დივიდენდს 5 ათასი დოლარის ოდენობით."
- მან განმარტა, რომ ეს ისე იქნება, როგორც "წარმატებული კომპანიები დივიდენდებს ინვესტორებს."
- პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ერთადერთი პირობა იქნება ამ თანხის ექსკლუზიურად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დახარჯვა.
სტრიქონებს შორის: გაურკვეველი რჩება დაფინანსების წყარო, ამ ფინანსური რესურსის დახარჯვის კონტროლის მექანიზმები და ზოგადად ასეთი გადახდების კანონიერება.
- 2025 წელს აშშ-ის სრულწლოვანი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 267 მილიონ ადამიანს შეადგენდა, რის გამოც საერთო თანხა 1.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებდა.
- ნიშანდობლივია ისიც, რომ ტრამპი ამ თანხის დახარჯვას იმ პირობებში გეგმავს, როდესაც სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
დიდი სურათი: სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბერში რესპუბლიკური პარტიის დამარცხება ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები "დაკარგავენ საზღვრებს, დაკარგავენ გადასახადების შემცირებას და დაკარგავენ უსაფრთხოებას."
- "თქვენ ისევ ჯოჯოხეთი გელით, ისევე როგორც სულ რაღაც ორი წლის წინ," - ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- შუალედური არჩევნების წინ დემოკრატები მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ. დიდ ალბათობით, რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დაკარგავს, სენატის კონტროლის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.