დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:51 | 21 სექტემბერი, 2026 — აშშ

ტრამპი კვლავ მოუწოდებს ზელენსკის, შეაჩეროს იერიშები რუსულ ნავთობქარხნებზე

დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას პირდაპირ მოითხოვა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შეჩერება.


ინფორმაცია ამის შესახებ Axios-მა გაავრცელა.


ვითარების არსი: ამგვარი მოთხოვნის მთავარი მიზეზი დიზელის გლობალური დეფიციტი და ფასების რეკორდული ზრდაა.


  • Financial Times-ის თანახმად, კვირას გამართულ საუბარში ტრამპის მთავარი მოთხოვნა და გზავნილი პრაქტიკულად ასე ჟღერდა: "დიზელი, დიზელი... დიზელი".


  • ზელენსკიმ საუბარს "მნიშვნელოვანი" უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ სამშაბათს ნიუ-იორკში ტრამპთან შეხვედრას "ბევრი რამის შეცვლა შეუძლია".


  • პრეზიდენტის თქმით, დრონების კამპანია არის "ზეწოლა, რომელიც რეალურად მუშაობს", თუმცა პარალელურად "დიპლომატიამაც უნდა იმუშაოს".


  • დღეს კი ტრამპმა Truth Social-ზე საჯარო განცხადებაც გაავრცელა: "უკრაინასთან ომის გამო, რუსეთმა დიზელის წარმოებაზე კონტროლი დაკარგა. ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია... ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უნდა შეწყდეს. მთელი სამყარო იტანჯება, სანამ თვეში 25,000 ადამიანი იღუპება".


კულისებში: Financial Times-ის თანახმად, უკრაინელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ტრამპი შეგნებულად აჭიანურებს გასულ კვირას ხელმოწერილი, რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების აღსრულებას.


  • ამას ის იყენებს როგორც ბერკეტს, ერთი მხრივ, კიევზე, რომ იერიშები შეწყდეს, მეორე მხრივ კი, მოსკოვზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.


  • კრემლი ენერგო-ზავზე უარს ამბობს. გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინი ზამთარში უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასობრივი საჰაერო იერიშებისთვის ემზადება, რადგან ამას მოლაპარაკებებში დამატებით ბერკეტად განიხილავს.

უკრაინული დრონების მიერ კვირას მიტანილი იერიში ქარხანაზე, მოსკოვი. © Reuters

დიდი სურათი: შუალედური არჩევნების წინ, საწვავზე ფასების ისტორიული ზრდა ტრამპისთვის სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემად იქცა.

  • მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების დასკვნით, ფასების ზრდა ძირითადად აშშ-ირანის ომმა გამოიწვია, ტრამპი პრობლემას მაინც რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს უკავშირებს.

კონტექსტი: სატელეფონო ზარი განხორციელდა მოსკოვზე უკრაინის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმიდან რამდენიმე საათში.

  • იერიშის მთავარი სამიზნე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე