18:00 | 15 ივლისი, 2026 — ისრაელი
ტრამპმა ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა - Axios
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მან სირიიდან და, ამასთანავე, ლიბანიდან ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Axios-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეთანიაჰუმ სირიის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს, რადგან არჩევნებამდე სამი თვით ადრე საკუთარი პოლიტიკური კარიერისა და პირადი თავისუფლების გადარჩენისთვის იბრძვის.
- ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან ლიბანიდან იმაზე მეტი ძალის გაყვანა დაუშვას, ვიდრე ამაზე უკვე შეთანხმებულია.
- ისრაელის თავდაცვის ძალებს ამჟამად სამხრეთ ლიბანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიის დიდი ნაწილი აქვთ დაკავებული, რაც, ხელისუფლების მტკიცებით, 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმების პრევენციისთვისაა საჭირო.
დეტალურად: ამავდროულად, ისრაელის მთავრობის გავლენიან წევრებს სურთ ამ ტერიტორიებზე განუსაზღვრელი ვადით კონტროლის შენარჩუნება, ზოგიერთი მათგანი კი იქ ებრაული დასახლებების შექმნასაც კი ითხოვს.
- ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპმა ნეთანიაჰუს პირდაპირ მიუთითა, რომ სირიაში ისრაელის სამხედრო ყოფნა დაძაბულობას ქმნის და შესაძლოა საქმე ესკალაციამდეც მივიდეს.
- „იქ თქვენი ყოფნა არავის სურს, ძალები უნდა გაიყვანოთ“ - უთხრა ტრამპმა ნეთანიაჰუს და აღნიშნა, რომ იგივე ეხება ლიბანსაც.
- თავის მხრივ, ისრაელის პრემიერის აპარატმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუმ საუბრისას ხაზი გაუსვა საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების ზონების არსებობის აუცილებლობას.
რა უძღოდა წინ: სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ტრამპი თურქეთში, ნატოს სამიტის ფარგლებში, თავის სირიელ კოლეგას, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
- აშშ-ის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში ცდილობდა ისრაელ-სირიის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების მიღწევას, თუმცა საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ნეთანიაჰუს არ სურს იმ დათმობებზე წასვლა, რაც ისრაელის ჯარების ეტაპობრივ გამოსვლას ითვალისწინებდა სირიის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც მათ 2024 წლის დეკემბერში, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიკავეს.
კონტექსტი: სამშაბათს რომში აშშ-ის შუამავლები ისრაელელ და ლიბანელ დიპლომატებს შეხვდნენ, რათა რამდენიმე კვირის წინ გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების იმპლემენტაცია განეხილათ.
- დოკუმენტის მიხედვით, ისრაელმა აიღო ვალდებულება, ჯარები სამხრეთ ლიბანის ორი „საპილოტე ზონიდან“ გაეყვანა, თუმცა ეს ჯერ არ გაუკეთებია.
- ისრაელი აცხადებს, რომ სხვა ზონებზე გადასვლამდე სურს დარწმუნდეს, რომ ამ ტერიტორიებზე „ჰეზბოლას“ იარაღი აღარ არის დარჩენილი.
- ლიბანური მხარე კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავარი მსაჯული აშშ-ის სამხედრო უწყება უნდა იყოს.