20:27 | 24 მაისი, 2026 — თურქეთი
თურქეთის პოლიციამ მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
თურქეთის პოლიციამ კვირას შტურმით აიღო მთავარი ოპოზიციური ძალის, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის (CHP) შტაბ-ბინა ანკარაში.
ვითარების არსი: Associated Press-ის ცნობით, შენობასთან შეკრებილი პარტიის მხარდამჭერებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
- შტურმი მრავალსაათიანი დაპირისპირების კულმინაცია გახდა, რომელიც სახალხო-რესპუბლიკური პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის მომხრეებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნულ პარტიის ახალ ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა.
- ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმები შტაბ-ბინის ტერიტორიაზე მას შემდეგ შევიდნენ, რაც შენობის ირგვლივ დაძაბულობა ხუთშაბათიდან ნარჩუნდებოდა.
- შენობის შიგნით მყოფმა ჟურნალისტებმა განაცხადეს ცრემლსადენი გაზის გამოყენების, კარებისა და ავეჯის დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც პრესის წარმომადგენლები შენობიდან გაიყვანეს.
სტრიქონებს შორის: პარტიის შიგნით კრიზისი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, რომელმაც გააუქმა 2023 წლის ნოემბერში ოზგიურ ოზელის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ არჩევა.
- სასამართლომ დაადგინა, რომ დროებით გადაყენებული არიან ოზელი და პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, ხოლო ხელმძღვანელის პოსტზე მისი წინამორბედი - ქემალ ქილიჩდაროღლუ დაბრუნდეს, რომელიც პარტიას 13 წლის განმავლობაში ლიდერობდა.
- ოზელის მომხრეებმა უარი თქვეს ახალი ხელმძღვანელობის აღიარებაზე.
- ხუთშაბათიდან, ოზელის წარმომადგენლებს დაკავებული ჰქონდათ პარტიის შტაბ-ბინა და შიგნით სასამართლოს მიერ დანიშნულ ადმინისტრაციას არ უშვებდნენ. სიტუაციამ განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა თურქულ ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერების ფონზე.
დიდი სურათი: სწორედ ოზელის ხელმძღვანელობით დაამარცხა "სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ" პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას" 2024 წლის მუნიციპალურ არჩევნებში.
- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს პარტიის დასუსტებას მომავალი არჩევნების წინ.
- ბოლო თვეების განმავლობაში, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და არჩეული მერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და ზოგიერთი მათგანი გადააყენეს.
- განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს საქმისადმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანის მთავარ პოტენციურ მეტოქედ მოიაზრება. იმამოღლუ გასული წლის მარტიდან პატიმრობაში იმყოფება .
კონტექსტი: თურქეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს პოლიტიკური ზეწოლის შესახებ და აცხადებს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა დამოუკიდებლად მოქმედებს. ადგილობრივმა მედიამ ასევე გავრცელა ინფორმაცია, რომ შტურმის წინ პარტიის შტაბ-ბინასთან შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ოზელის მომხრეები პროვოკატორებს უწოდებდნენ.
- ქილიჩდაროღლუს ადვოკატმა ანკარის პოლიციას შენობის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც ანკარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ პოლიციას ოფიციალური სანქცია მისცა.