ახალი ამბები

15:17 | 25 მაისი, 2026 — უკრაინა

“უკრაინა ევროკავშირის სრულ წევრობას იმსახურებს”- ზელენსკიმ მერცის იდეა უარყო

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს და მის გარეშე ევროპული პროექტი სრული ვერ იქნება.

ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინელმა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომლითაც გასულ კვირას გერმანიის კანცლერის მიერ გაჟღერებულ იდეას უპასუხა. 

  • “ევროპული პროექტი ვერ იქნება სრული უკრაინის გარეშე და უკრაინის ადგილი ევროკავშირში უნდა იყოს სრული და თანასწორი,”- განაცხადა ზელენსკიმ.
  • მან ხაზი გაუსვა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი კლასტერის სწრაფად გახსნის მნიშვნელობასაც.

წინარეისტორია: გასულ კვირას ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი მიიღოს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს შეხვედრებს, თუმცა შეზღუდული ექნებათ ხმის მიცემის უფლება.

  • მალევე მერცის მიერ გაჟღერებულ “ეტაპობრივი გაწევრიანების” იდეას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც.
  • მისი თქმით, ამ შემთხვევაში კიევმა შესაძლოა მიიღოს წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, საბაჟო კავშირზე, ერთიან როუმინგსა და სხვადასახვა გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებზე.

დიდი სურათი: ევროკავშირის ლიდერებს საპასუხო წერილით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ უკრაინა სწრაფად ახორციელებდა საჭირო რეფორმებს და “იცავს მთელ კონტინენტს რუსეთის აგრესიისგან.”

  • “ჩვენ ვიცავთ ევროპას, სრულად და არა ნაწილობრივ და ნახევარზომებით. ეს არ იქნება სამართლიანი უკრაინის მიმართ იყოს წარმოდგენილი ევროკავშირში ხმის უფლების გარეშე”- ნათქვამი ზელენსკის წერილში, რომელიც ანტონიო კოშტამ და ურსულა ფონ დერ ლეიენმა მიიღეს.
  • უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეიტანა, რამდენიმე თვეში ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო 2024 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ.

სიღრმისეულად: სპეციალური სტატუსი უკრაინას: რას მოიცავს მერცის შეთავაზება?


ასევე ნახე