11:10 | 04 ივლისი, 2026 — რუსეთი
უკრაინა: პუტინის განცხადება კონსტანტინოვკის ოკუპაციის შესახებ სიცრუეა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი კონსტანტინოვკა დაიკავეს, სიცრუეა.
ვითარების არსი: გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, მაიორი ანდრი კოვალიოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ცენტრის ავტომატიზებული სისტემა Дзвін-ისა და DELTA სისტემის მონაცემებით, დასახლებული პუნქტი კონსტანტინოვკა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
- პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ "აღმოსავლეთის" დაჯგუფების სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას კონსტანტინოვკის მისადგომებთან.
სტრიქონებს შორის: თუმცა, კოვალიოვი ამბობს, რომ არის რუსების მცირე ქვეითი ჯგუფების შეღწევის შემთხვევები და კონსტანტინოვკაში ანტიდივერსიული მოქმედებები გრძელდება.
- "3 ივლისის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით მოწინააღმდეგემ 11 შტურმი განახორციელა, თუმცა წარმატებისთვის არ მიუღწევია. სამაგიეროდ, მტერი, უკვე მერამდენედ, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ღია დეზინფორმაციისა და ფეიკების გავრცელებას მიმართავს. უკრაინელი დამცველები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას ფრონტის ხაზზე. ვითარება რთულია, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლს ექვემდებარება." - აღნიშნა მან.
დიდი სურათი: ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფელ ობიექტებზე მასირებული დარტყმები უნდა გაგრძელდეს.
- ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში "კონსტანტინოვკა აიღეს."
- რუსული მედია წერდა, რომ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, თითქოს პუტინს მოახსენეს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის სრული "გათავისუფლების" შესახებ, თუმცა, ამის ობიექტური მტკიცებულებები პესკოვს არ მოუყვანია.