უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 21-22 ივნისს საჰაერო იერიშები განახორციელეს რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ და სამრეწველო ობიექტებზე.
ვითარების არსი: უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრი და ვორონეჟის ელექტრონიკის ქარხნები დაბომბეს, რომლებიც რუსულ რაკეტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს აკომპლექტებენ.
კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრი „დუბნა“: დარტყმის შედეგად ობიექტზე მასშტაბური დაკვამლიანება ფიქსირდება. რუსულ მხარეს, მათ შორის მოსკოვისა და ოლქის ხელისუფლებას, ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ვორონეჟის ქარხნები: ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორი სტრატეგიული საწარმო — „ვორონეჟის ნახევარგამტარული ხელსაწყოების ქარხანა“ და ქარხანა „სბორკა“.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვორონეჟის ქარხნების პროდუქცია კრიტიკულია ისეთი სამხედრო სისტემებისთვის, როგორებიცაა: S-300, S-400 და „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) ხელსაწყოები და სამხედრო კავშირგაბმულობა. ამ ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა პირდაპირ აფერხებს კრემლის მიერ იარაღის წარმოების პროცესს.