რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 660 უკრაინული დრონი გაანადგურა.
როგორც The Wall Street Journal წერს, ეს არის უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მასშტაბური ღამის თავდასხმა რუსეთის ზურგზე.
ვითარების არსი: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორლოვის, კალუგის, ლიპეცკის, როსტოვის, ვორონეჟის, ტულის, რიაზანის, ასტრახანის ოლქების, მოსკოვის რეგიონის, ოკუპირებული ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების თავზე.
ტულის ოლქში დაზიანდა ქალაქ ნოვომოსკოვსკში მდებარე ქიმიურ კომბინატ "აზოტზე", რომელიც აზოტოვან სასუქებსა და ამიაკს აწარმოებს, წერს Astra.
ასევე ხანძარი გაჩნდა ნოვომოსკოვსკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც ნოვომოსკოვსკის მცხოვრებთა დაახლოებით 2/3-ს, ისევე როგორც 20-მდე სამრეწველო საწარმოს, მათ შორის "აზოტს", თბოენერგიითა და ცხელი წყლით ამარაგებს.
სიღრმისეულად: უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო მეტი რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატით მიაქვს იერიში, რაც რუსული საჰაერო თავდაცვის გადატვირთვას იწვევს.
"რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ უნდა დაფაროს 1200 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი, ისევე როგორც ვრცელი ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურაა განთავსებული". - ამბობს სამხედრო ექსპერტი მაიკლ კოფმანი.
რუსული საჰაერო თავდაცვის ჩასახშობად უკრაინამ გადაიღო ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი იყენებდა მის წინააღმდეგ - დიდი რაოდენობით დრონების გამოყენება.
როგორც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ყოფილმა ოფიცერმა ვალერი რომანენკომ განუმარტა გამოცემას, რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პანცირს" ერთდროულად არაუმეტეს ოთხი სამიზნის განადგურება შეუძლია. თავდასხმის დროს პირველი დრონები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მდებარეობის დადგენაში ეხმარება, რაც შემდგომში სხვა დრონებისთვის გზის პოვნას ამარტივებს.
WSJ-ის მონაცემებით, მაისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8849 დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა, მაშინ როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 3676-ს შეადგენდა, ხოლო გასული წლის მაისში - 2504-ს.
დარტყმების წარმატების მაჩვენებელიც იზრდება: თავდაცვის დაზვერვის კომპანია Janes-ის მონაცემებით, ამ წელს რუსეთის ზურგში უკრაინის დადასტურებული წარმატებული დარტყმების დაახლოებით 35% ივნისზე მოდის.
ფართო ხედით: თავის მხრივ რუსეთმა, უკრაინაზე ღამით დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში.
- დაიბომბა პოლტავის ოლქი, სადაც კრემენჩუკის რაიონში უპილოტო საფრენმა აპარატებმა და რაკეტებმა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამრეწველო ობიექტებს დაარტყეს. რაიონს ელექტროენერგია ნაწილობრივ გაეთიშა.
- ასევე დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ოდესის ოლქში, რამდენიმე დასახლებული პუნქტი შუქის გარეშე დარჩა, დაშავდა ერთი ადამიანი.
სტრიქონებს შორის: რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატების წინა რეკორდული ღამის თავდასხმა 17 მაისს მოხდა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიმართულებით ღამით 556 დრონი გაუშვეს.
- მაშინ სამიზნეებს შორის მოსკოვი და მოსკოვის გარეუბნებიც იყო. კიდევ ერთი მასშტაბური ღამის თავდასხმა (555 დრონი) 18 ივნისს მოხდა, როდესაც რუსეთის დედაქალაქზე ყველაზე დიდი დარტყმა მიიტანეს.
დღე-ღამის განმავლობაში დრონების რაოდენობის მიხედვით უკრაინამ რეკორდი 18 ივნისს დაამყარა, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 992 დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.