13:28 | 14 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
უკრაინამ "სბერბანკის" მონაცემთა ბაზებზე დაიწყო იერიშების მიტანა
სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად სბერბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრი დაზიანდა.
აღნიშნული ცენტრი, ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროპაში უდიდესი უნდა გამხდარიყო.
ვითარების არსი: ბალაკოვოში დრონებით თავდასხმის შესახებ ღამის პირველ საათზე რეგიონის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა. დილით მან დაწერა, რომ ქალაქში რამდენიმე სახლი დაზიანდა და დაიღუპა ქალი.
- უკრაინული ტელეგრამ-არხების, Exilenova+-სა და Supernova+-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მეტალურგიული ქარხანა და სბერბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრი.
- გამოქვეყნებულ ფოტოებზე სბერბანკის დაზიანებული მონაცემთა ცენტრი ჩანს, რისი იდენტიფიცირებაც სააგენტოს გეოანალიტიკოსმა მოახდინა.
- სბერბანკის მონაცემთა ცენტრზე თავდასხმა ასევე დაადასტურა უკრაინულმა უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების მწარმოებელმა კომპანიამ Fire Point.
- ბალაკოვოში მონაცემთა ცენტრზე თავდასხმა სბერის გამგეობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ვედიახინმაც დაადასტურა. მისი თქმით, სბერბანკის ყველა სისტემა და სერვისი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
კონტექსტი: სბერბანკმა ბალაკოვოში მონაცემთა ცენტრის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვიდი მოდულისგან შემდგარი, 55 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მონაცემთა ცენტრი რუსეთში უდიდესი იქნებოდა.
- 2023 წლის ივლისში ბუსარგინმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბალაკოვოში არსებული მონაცემთა ცენტრი ევროპაში უდიდესი გახდებოდა.
- სარატოვის ოლქის ციფრული განვითარებისა და კავშირგაბმულობის მინისტრის, ვლადიმერ სტარკოვის ცნობით, მისი სრულად ექსპლუატაციაში შეყვანა 2030 წლისთვის იგეგმებოდა.
- ბალაკოვოში მდებარე მონაცემთა ცენტრის ტერიტორიაზე სბერბანკის ერთ-ერთი სუპერკომპიუტერი უნდა განთავსებულიყო.
წინარე ისტორია: გასულ კვირას უკრაინელმა სამხედროებმა რიაზანის ოლქში, კალუგასა და ვლადიმირში იანდექსის მონაცემთა ცენტრებს შეუტიეს.
- თავდასხმების შედეგად მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა ორი ცენტრი, ხოლო მესამეში რამდენიმე მოდული დაზიანდა.
- მათმა მუშაობის შეფერხებამ იანდექსისა და სხვა კომპანიების სერვისების მასშტაბური გათიშვა გამოიწვია.