09:40 | 22 ივლისი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
უკრაინამ Wildberries-ის ორ საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა
22 ივლისის დილას უკრაინამ კრასნოდარისა და სტავროპოლის ოლქებში მდებარე Wildberries-ის მსხვილ საწყობებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ინფორმაციას როგორც უკრაინული ისე რუსული მედია ადასტურებს.
ვითარების არსი: კომპანიის ხელმძღვანელის, ტატიანა კიმის განცხადების თანახმად, ორივე საწყობის ევაკუაცია მოხდა, თუმცა არიან დაშავებულები.
- სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა დააზუსტა, რომ ნევინომისკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ექიმებმა მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის ზონაში ლოკალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ცეცხლის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთო.
- კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, კრასნოდარის საწყობში გაჩენილი ხანძრის ქრობაშიც ჩართავენ ვერტმფრენს. საწყობზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
- სოციალურ ქსელებში იერიშის ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება.
წინარე ისტორია: უკრაინას Wildberries-ის საწყობებზე ერთ კვირაში უკვე მეორედ მიაქვს იერიში.
- 18 ივლისს ტამბოვის ოლქში მდებარე კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-მდე დაშავდა. საწყობებში ხანძარი გაჩნდა.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wildberries-ზე თავდასხმები იმით ახსნა, რომ საწყობებში უპილოტო საფრენი აპარატებისა და ნავიგაციური აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები ინახებოდა.