19:56 | 10 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 30% დააზარალა - Reuters
ოქტომბრის ბოლოდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით განახლებულმა თავდასხმებმა ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები დაახლოებით 30%-ით შეამცირა.
ამის შესახებ Reuters-ს ინდუსტრიის ორმა წყარომ განუცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის თავდასხმები მოსკოვს საწვავის შიდა დეფიციტთან გამკლავებას კიდევ უფრო ურთულებს.
- ამავდროულად, რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტთან მიღწეული საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში საერთაშორისო ბაზრებზე დიზელის საწვავის მიწოდებას აგრძელებს.
- უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ოქტომბრის ბოლოდან გააძლიერა, მას შემდეგ, რაც კიევსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება პრაქტიკაში ვერ განხორციელდა.
დეტალურად: ინდუსტრიის წყაროებისა და ოფიციალური პირების ცნობით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა თავდასხმებმა რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ცხრაში მუშაობის შეფერხება და საგანგებო ვითარებები გამოიწვია.
წყაროების თანახმად, ოქტომბრის ბოლოდან დრონების თავდასხმების შედეგად დაზარალებული ქარხნების საერთო საპროექტო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 300 ათას ტონა ნავთობს, ანუ 2,2 მილიონ ბარელს შეადგენს.
შედარებისთვის, რუსეთის ნავთობის პირველადი გადამუშავების საერთო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 930 ათასი ტონაა.
ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ქარხნები დღეში დაახლოებით 700 ათას ტონა, ანუ 5 მილიონ ბარელ ნავთობს ამუშავებდნენ.
- წყაროების შეფასებით, თავდასხმების შედეგად რუსეთის ქარხნებში ნავთობის რეალური გადამუშავების მოცულობა შესაძლოა დღეში 200 ათასი ტონით შემცირდეს.
უკრაინის პოზიცია: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს.
- მისი თქმით, ეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხო მოქმედებებია.
- ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ელექტროსადგურები, ენერგოქსელები, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები მუდმივი თავდასხმების სამიზნეა.