ახალი ამბები

12:17 | 06 ივლისი, 2026 — რუსეთი

უკრაინის საჰაერო ძალები: Patriot-ის რაკეტების სერიოზული დეფიციტი გვაქვს

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკი იური იგნატმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ვერ შეძლო ბალისტიკური ტრაექტორიით მფრინავი 29 რაკეტიდან ვერცერთის ჩამოგდება, რადგან უკრაინაში Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების სერიოზული დეფიციტია.

ვითარების არსი: "მაჩვენებელი, რბილად რომ ვთქვათ, დაბალია. ბალისტიკური რაკეტები რომ ჩამოაგდო, უნდა გქონდეს რითიც ჩამოაგდებ. სისტემები - საკმარისია, საჭიროა რაკეტების მუდმივი მოწოდება. რუსები იყენებენ იმ ფაქტორს, რომ უკრაინაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, PAC2 და PAC3 ტიპის საზენიტო რაკეტების სერიოზული დეფიციტი შეიმჩნევა, ამიტომ რუსები მეტად კონცენტრირდებიან ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებზე." - აღნიშნა იგნატმა.

  • სამხედრო-საჰაერო ძალების პრესმდივანმა აღნიშნა, რომ წინა დღეს, საღამოს მიმართვაში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი აქცენტი გააკეთა Patriot-ის სისტემის რაკეტებზე.
  • იგნატი პროგნოზირებს, რომ უკრაინა ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

სტრიქონებს შორის: 6 ივლისს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 46 კი - დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი, სულ მცირე 15 საცხოვრებელი სახლი კი დაზიანდა ან განადგურდა.

  • რუსული თავდასხმის ეპიცენტრი კიევის დარნიცკისა და პოდოლსკის რაიონები გახდა, დაზიანებები ასევე დაფიქსირდა გოლოსეევისა და ობოლონის რაიონებში. პოდოლსკის რაიონში ერთ-ერთ სახლში ბინები მე-5-დან მე-9 სართულამდე განადგურდა.
  • დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა დგინდება. მაშველები დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ფსიქოლოგები.

დიდი სურათი: უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 363 სამიზნე - 37 რაკეტა და 326 უპილოტო საფრენი აპარატი.

  • დაფიქსირდა 29 ბალისტიკური რაკეტისა და 18 დრონის მოხვედრა 34 წერტილში, აგრეთვე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების (ნამსხვრევების) დაცემა 16 წერტილში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე