ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანს ეწვია და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: "შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ."
ვითარების არსი: მან ფაშინიანს 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთში დემოკრატიის სიმტკიცე, ასევე ის, რომ რევოლუციის სული ცოცხლობს და ყვავის.
- "მე ჩამოვედი, რათა გითხრათ: შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. როდესაც სომხეთი ევროპასთან უფრო ახლოსაა, მთელი სამხრეთ კავკასიაც უფრო ახლოვდება," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
- რეგიონულ პროცესებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებისა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების ისტორიულ მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს მოითხოვს პოლიტიკურ ნებას და სიმამაცეს, მაგრამ ნაყოფი შთამბეჭდავი იქნება და რეგიონს უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინად აქცევს.
სტრიქონებს შორის: ლაიენმა ერევანშიც გაიმეორა წინა დღით ბაქოში გაჟღერებული დაპირება კავკასიაში კავშირგაბმულობისა და ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის 200 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, რაც ჯამში 2 მილიარდი ევროს ინვესტიციებმდე შეიძლება გაიზარდოს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
- ევროკომისიის პრეზიდენტი 20 მილიონ ევროს გამოყოფას დაჰპირდა სომხეთს სასაზღვრო სოფლების ეკონომიკის განვითარებისთვის.
- ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთთან ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივებიც მიმოიხილა. მისი თქმით, სომხეთი ერთადერთი პარტნიორია, რომელიც ამ საკითხზე ევროკავშირთან ასეთ აქტიურ დიალოგში იმყოფება, რაც თანამშრომლობის დონეს აჩვენებს.
- მან აღნიშნა, რომ შემოდგომაზე სომხეთს ეწვევა მისია მიღწევების შესაფასებლად. ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთი ყველა პუნქტს დააკმაყოფილებს, მხარეები გადავლენ რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა რეფორმები.
- თავის მხრივ, ფაშინიანმა თქვა, რომ სომეხი ხალხი ელოდება ამ გადაწყვეტილებას და არჩევნებზე ხმა სწორედ ამის სასარგებლოდ მისცა: "ჩვენ არ შეგვიძლია ხელიდან გავუშვათ ეს შესაძლებლობა, ყველაფერს გავაკეთებთ ამ საკითხის გადასაჭრელად."
დიდი სურათი: გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სომხეთი არსებითი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან.
- ევროკომისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სომხეთში საექსპორტო სააგენტოს შექმნაში დასახმარებლად 18 მილიონი ევროს გამოიყოფა, რაც 52-მილიონიანი დახმარების პაკეტის ნაწილია.
- ლაიენმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სომხეთის ექსპორტის უდიდესი ნაწილი (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ალკოჰოლის 80-90%) ევროპულ ბაზარზე გადამისამართდეს.
- მისი თქმით, ყვავილების ექსპორტი ახალი ურთიერთობების დაწყების ლამაზ სიმბოლოდ იქცა.
კონტექსტი: ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უფრო სწრაფად დივერსიფიკაციისთვის, ამ თვის დასაწყისში სომხეთს ეწვევიან ევროკავშირის ექსპერტები ექსპორტიორებთან სამუშაოდ.