16:04 | 22 ივნისი, 2026
ვენსი: ირანი ბირთვული ობიექტების ინსპექტირებაზე დათანხმდა
ორშაბათს, შვეიცარიაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების მოწვევას.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "აქსიოსი" აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ს სურდა, შეხვედრების პირველი რაუნდი დასრულებულიყო გაეროს ინსპექტორების დაშვებით ირანის იმ მთავარ ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც მანამდე აშშ-მა და ისრაელმა დაბომბეს. ბოლო მსგავსი ვიზიტი ომამდე, 2025 წლის ივნისში შედგა.
მოვლენათა განვითარება:
ვენსის თქმით, ირანს, აშშ-სა და IAEA-ს შორის ვიზიტის დეტალების კოორდინაცია „ამ კვირაში, შესაძლოა დღესვე“ დაიწყოს, თუმცა თეირანს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
ვიცე-პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის წვდომას მიიღებენ ინსპექტორები: „ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი და პირველი ნაბიჯი ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის სამუდამოდ დასასრულებლად“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მხარეები ირანის გაყინული სახსრების ნაწილის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვენსი აღნიშნავს, რომ ეს ჯერ არ მომხდარა. პარალელურად, ირანელებმა კატართან გააფორმეს ხელშეკრულება ამ ქვეყანაში არსებული ირანული აქტივების გამოყენების თაობაზე.
უსაფრთხოების მექანიზმები:
მხარეები შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეზე სპეციალური „კავშირის ხაზის“ შექმნაზე, რომელიც მოლაპარაკებების დასრულებამდე იმუშავებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტები, არასწორი კომუნიკაცია და შენარჩუნდეს უსაფრთხო ნავიგაცია კომერციული გემებისთვის.
აშშ და ირანი ასევე შეთანხმდნენ, ლიბანთან და შუამავლებთან ერთად, შექმნან „დეესკალაციის ჯგუფი“, რომელიც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გაუწევს მონიტორინგს.
რა იქნება შემდეგ: ვენსის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირები შვეიცარიას დატოვებენ, მოლაპარაკებებს უკვე ტექნიკური ჯგუფები გააგრძელებენ.