ახალი ამბები

08:28 | 06 აგვისტო, 2026 — რუსეთი

Wildberries-ის გადასარჩენად შესაძლოა ტრილიონი რუბლი გახდეს საჭირო - The Bell

Wildberries-ის საწყობებზე უკრაინული დარტყმების კამპანიამ, რის შედეგადაც კომპანიის სულ მცირე 14 ლოგისტიკური ჰაბი დაიწვა, რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის ბიზნესმოდელი ჩამოშალა, რომელიც ყოველწლიურად რუსეთის მშპ-ის 3%-ის ოდენობის საქონელს ყიდდა.

ვითარების არსი: The Bell-ს ელექტრონული კომერციის ბაზრიდან ორმა წყარომ განუცხადა, რომ ფინანსური კრახისა და Wildberries-ის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, კომპანიის გადარჩენას, სავარაუდოდ, სახელმწიფო ეცდება.

  • ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მხოლოდ პირდაპირმა ზარალმა Wilberries-ისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირაში თავისი სასწყობო სიმძლავრეების დაახლოებით 20% დაკარგა, შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს, ხოლო უარეს შემთხვევაში - 200 მილიარდს.
  • The Bell-ის რესპონდენტების შეფასებებით, Wildberries-ის ფულადი სახსრების საჭიროებამ შესაძლოა 1.3 ტრილიონ რუბლს მიაღწიოს. სულ მცირე ამ მოცულობით მოუწევს კომპანიას ვალის გაზრდა, რათა თავი გადაირჩინოს.

სტრიქონებს შორის: გამყიდველების წასვლის გამო, რომელთაგან ბევრმა რამდენიმე წამში დაკარგა ბიზნესი და ასობით მილიარდი რუბლის ღირებულების საქონელი, Wildberries-ის ბრუნვა, The Bell-ის მონაცემებით, უკვე მეოთხედით შემცირდა. ამან, პირდაპირი დანაკარგების გარდა, ტატიანა კიმის ბიზნეს-იმპერიის მთავარი ფინანსური ხერხემალი გატეხა.

  • საქმე ისაა, რომ Wildberries თანხას მყიდველისგან ყიდვისთანავე იღებს, თუმცა გამყიდველს მას მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ ურიცხავს. მთელი ეს დრო ფული კომპანიის საბრუნავ კაპიტალში რჩება, საიდანაც მიმდინარე ხარჯები და ფასდაკლებები ფინანსდება.
  • ერთ-ერთი ანალიტიკოსის თქმით, ეს სქემა მანამ მუშაობს, სანამ ბრუნვა იზრდება: "ბრუნვა იყო 100 მილიარდი, დახარჯე 50 მილიარდი ფასდაკლებებზე, მაგრამ ბრუნვა გაიზარდა 200 მილიარდამდე. როდესაც ბრუნვა ეცემა, პირამიდა იწყებს ჩამოშლას."
  • The Bell-ის რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დაგროვილი ხარჯები ახალი ფულის შემოდინებით უკვე აღარ იფარება, კომპანია იწყებს ზარალის დაგროვებას. თუ გამყიდველებისთვის თანხის გადახდა სამი კვირის ნაცვლად სამი თვით დაგვიანდება, საბრუნავ თანხებთან დაკავშირებული პრობლემები უკვე მათ შეექმნებათ.

დიდი სურათი: The Bell-ის მეორე წყარო აცხადებს, რომ ახლა მარკეტპლეისის ბრუნვა მცირდება და ეს მხოლოდ ხანგრძლივი ტრენდის დასაწყისია - ასეთი დარტყმის შემდეგ ის წლების განმავლობაში წამგებიანი იქნება.

  • კონკრეტულად როგორ გადაარჩენენ Wildberries-ს, ჯერ გაურკვეველია.
  • Bloomberg-ის მონაცემებით, მთავრობა ამ ეტაპზე ამზადებს მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც გამყიდველებს შეეხება: მათ შესაძლოა საგადასახადო პაუზა და სუბსიდირებული კრედიტები მისცენ, ხოლო თვითონ მარკეტპლეისს - ნება დართონ, დამწვარი ლოგისტიკური ჰაბების სანაცვლოდ რუსეთის ფოსტის საწყობები გამოიყენოს.
  • The Bell-ის წყაროები არ გამორიცხავენ, შესაძლოა, Wildberries-მა შეღავათიანი კრედიტებიც მიიღოს.
  • "მაგრამ საიდან ავიღოთ ამისთვის ფული? სტამბა ჩავრთოთ (ფული ვბეჭდოთ)?" - სვამს კითხვას ერთ-ერთი ანალტიკოსი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 5.7 ტრილიონ რუბლს (70 მილიარდი დოლარი - რედ.) მიაღწია და 1.5-ჯერ გადააჭარბა მთელი წლის გეგმას.

კონტექსტი: CMACP-ის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 7 ტრილიონ რუბლამდე (86 მილიარდი დოლარი - რედ.) გაიზრდება, ხოლო ცენტრალური ბანკის შეფასებით - შესაძლოა 8 ტრილიონსაც (98 მილიარდი დოლარი - რედ.) გადააჭარბოს.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე