ახალი ამბები

12:35 | 29 ივლისი, 2026 — რუსეთი

WILDBERRIES ყაზახეთში სასაწყობო სივრცეებს ეძებს

Wildberries ყაზახეთში სასაწყობო ობიექტების ძიებას შეუდგა. ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე "კომერსანტის" ოთხმა წყარომ განაცხადა

ვითარების არსი: "კომერსანტის" ერთ-ერთ წყაროს მიაჩნია, რომ შეზღუდული მიწოდების ფონზე, კომპანია მზადაა ყაზახეთში არსებული ყველა ხელმისაწვდომი საწყობი დაიკავოს.

  • "კომერსანტის" წყაროები განმარტავენ, რომ ამ გზით მარკეტპლეისს თავისი საწყობების ნაწილის უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებისგან დაცვა სურს.
  • Wildberries-ის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია წარმოდგენილ ქვეყნებში ლოგისტიკური ობიექტების მშენებლობას გეგმავს. მათ ნაწილს უახლოეს მომავალში ჩააბარებენ.
  • ყაზახეთში მიმდინარეობს 100 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ობიექტის მშენებლობა, რომელიც ალმათიში მდებარეობს.
  • კიდევ ერთი, 160 ათასი კვ. მ ფართობის ობიექტი ასტანაში შენდება და მისი ექსპლუატაციაში შესვლა მომავალ წელს იგეგმება.
  • ჯგუფში დასძინეს, რომ ყველა ორგანიზაციული ძალისხმევა ახლა მიმართულია საქონლის სხვადასხვა საწყობში გადანაწილებაზე, მათი უფრო მოსახერხებელი ბრუნვადობისა და პარტნიორების ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ჩაშლილად: ყაზახეთში ფართობების იჯარით აღება WB-ის ხარჯებს ვერ დაუზოგავს: იჯარის განაკვეთები ფაქტობრივად გაუტოლდა მოსკოვისას.

  • რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან. ამ კავშირის შიგნით ქვეყნებს შორის საქონელი თავისუფლად გადაადგილდება. შედეგად, ასორტიმენტი ცენტრებს შორის ცირკულირებს. ყაზახურ საწყობებში შესაძლოა რუსი გამყიდველების საქონელი იყოს, ხოლო რუსულში - ყაზახის. 
  • ყაზახეთი WB-ის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოების ერთადერთი ვარიანტი არ არის. კომპანია ახალი საწყობების ძიებას რუსეთშიც აგრძელებს, იუწყებიან "კომერსანტის" წყაროები უძრავი ქონების ბაზარზე. თუმცა, ფართობების გასაქირავებლად კონტრაგენტების მოძიება სულ უფრო რთულდება.

კონტექსტი: 18 ივლისიდან უკრაინას Wildberries-ის საწყობებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები მიაქვს. 

  • დაზარალებულ ობიექტებს შორის არის ლოგისტიკური ცენტრები სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვის ოლქში, ანექსირებულ ყირიმში, ტამბოვისა და ვორონეჟის ოლქებში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში.
  • მანამდე საუბარი იყო მინიმუმ ოთხი კომპლექსის მწყობრიდან გამოსვლაზე (444 ათასი კვ. მ), რაც ლოგისტიკური ფართობების საერთო მოცულობის 8%-ს შეადგენს.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wildberries-ზე თავდასხმები იმით ახსნა, რომ საწყობებში უპილოტო საფრენი აპარატებისა და ნავიგაციური აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები ინახება.
  • 28 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ Wildberries-ის საწყობებზე დრონების დარტყმებთან დაკავშირებულ სიტუაციას მთავრობა ადევნებს თვალს. თუმცა მარკეტპლეისის დახმარების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.

წინარე ისტორია: Wildberries რუსეთის ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზიაა, რომლის ძირითადი მფლობელი ტატიანა კიმია.

  • WB-ის ბრუნვა რუსეთში 2025 წელს წლიურად 49%-ით გაიზარდა და 6.1 ტრილიონ რუბლს მიაღწია. წმინდა მოგება გაიზარდა 68%-ით და 175 მილიარდი რუბლი შეადგინა.
  • საერთო ჯამში, მარკეტპლეისს 209 ლოგისტიკური ობიექტი აქვს, რომელთა ჯამური ფართობი 5.6 მილიონი კვადრატული მეტრია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე