დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

04:04 | 20 სექტემბერი, 2026 — ჩინეთი

WSJ: სი ძინფინგი BRICS-ის ლიდერთა ვახშამს შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ დაესწრო

გასულ კვირებში ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტზე გამართულ ლიდერთა ვახშამს სი ძინფინგი შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ დაესწრო. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - შემთხვევა წინ უძღვის ჩინელი ლიდერის მოახლოებულ სახელმწიფო ვიზიტს შეერთებულ შტატებში. 

  • წყაროების ცნობით, გალა ვახშმის გამოტოვების შესახებ გადაწყვეტილება ჩინელი ლიდერის ოფისმა უკანასკნელ წუთებში მიიღო - მის მაგვირად შეკრებას საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი დაესწრო. 

  • სის არყოფნა ვახშამზე თვალშისაცემი იყო რამდენადაც ეს იყო მისი პირველი ვიზიტი ინდოეთში უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში და ჩინურმა მხარემ მოწვევა ინდოელი პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახურისგან მიიღო. 

ჩაშლილად: გაზეთის წყაროს ცნობით, არაფერი ადასტურებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ სი ძინფინგი მძიმედ ავადაა ან სამიტზე გონება დაკარგა, თუმცა შემთხვევამ გააძლიერა 73 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შიშები,

  • ინდური მედიის ცნობით, ვახშმის დროს სი ძინფინგი თავის სასტუმროს ოთახში ისვენებდა, მოგვიანებით ჩინურმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს როგორ ადის ჩინელი ლიდერი თვითმფრინავის ტრაპზე დახმარების გარეშე. 

  • ეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სის ჯანმრთელობა მედიისა და საზოგადოებირივი განხილვის თემა ხდება - გასულ აგვისტოში სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ყირგიზეთში ახალჩასული სის კადრები, რომელიც თვითმფრინავის ტრაპის კიბეზე ნელა და მეუღლესთვის ხელჩაკიდებული ჩადის. 

  • ჩინეთის სახელმწიფო მედიამ იმავე ვიზიტიდან გაავრცელა სის კადრები უშუალოდ თვითმფრინავიდან, თუმცა არა კიბეზე ჩასვლის მომენტი. 

  • მსგავსი კადრები გავრცელდა 2024 წელსაც, როდესაც სი ძინფინგი მაკაოში ტერიტორიის ჩინეთთან გაერთიანების 25 წლის იუბილეზე იმყოფებოდა - მაშინ სახელმწიფო ტელევიზიებმა მეუღლესთან ხელჩაკიდებული სიარული, "ცოლ-ქმრული სიახლოვით" ახსნა. 

სტრიქონებს შორის: ეს ყველაფერი დიაგნოზს არ ნიშნავს, ანალიტიკოსები კი გვაფრთხილებენ, რომ შებოჭილი სიარულის მანერას ზედმეტი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, თუმცა სადავო არ არის, რომ სის 70 წელს გადაცილებული მამაკაცისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი რისკფაქტორები აქვს.

  • ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ჩინეთის ყოფილი ანალიტიკოსი და ამჟამად ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, დენის ვაილდერი გაზეთთან საუბარში მიუთითებს, რომ სი ახალგაზრდა ასაკიდან ეწევა თამბაქოს, აქვს ჭარბი წონა, უყვარს ალკოჰოლი და არ არის ფიზიკური ვარჯიშის მოყვარული. 

  • ჩინეთში მაო ძედუნის დროიდან მოყოლებული ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაცია პრაქტიკულად სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს - კონტრასტი მკაფიო იყო ინდოეთშიც: როდესაც იმავე ვახშამს არ დაესწრო სამხრეთ-აფრიკის ლიდერი, სირილ რამაფოსა, მის ოფისში განაცხადეს, რომ ვახშმის გამოტოვება ლიდერს მედიკოსებმა ურჩიეს. 

  • "როდესაც 1972 წელს ნიქსონი მაოს შეხვდა, ოფიციალური შეხვედრის ოთახის უკან პრაქტიკულად სრულყოფილი ჰოსპიტალი ჰქონდათ მოწყობილი. მაო იმდენად ავად იყო, რომ ნიქსონმა პეკინში ჩასვლის შემდეგაც არ იცოდა როდის შედგებოდა შეხვედრა. მათ მოულოდნელად მიიღეს ზარი და უთხრეს, რომ 15 წუთში ადგილზე ყოფილიყვნენ"- ამბობს ვაილდერი. 

კონტექსტი: ამ დროისთვის მედიის ყურადღება ამერიკაში მოახლოებულ ვიზიტისკენაა მიმართული, რომელიც 24 სექტემბერსაა დაგეგმილი - უკვე გაიმართა ჩინეთის პრემიერ-მინისტრისა და ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის შეხვედრა ნიუ-იორკში, რომელიც სწორედ სამიტის მომზადებას ეხებოდა. 

  • ეს იქნება სი ძინფინგის პირველი სახელმწიფო ვიზიტი შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში. 

  • მოსალოდნელია, რომ ძირითად განსახილველ თემებს შორის იქნება, სავაჭრო ზავის გაგრძელება, ტაივანი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე