10:37 | 05 ნოემბერი, 2026 — აშშ
ზელენსკი დემოკრატების გამარჯვების შემდეგ უკრაინის დახმარების გაძლიერების იმედს გამოთქვამს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება ხელს შეუწყობს უკრაინისთვის ამერიკული დახმარების გაზრდას და გააძლიერებს ზეწოლას ვლადიმერ პუტინზე, რათა მან ომი შეაჩეროს.
ვითარების არსი: ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატების მიერ ორივე პალატაში უმრავლესობას მოპოვება კიევის სასარგებლოდ იმუშავებს.
- "ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. მე მადლიერი ვარ რესპუბლიკელების, მაგრამ დემოკრატები ძალიან მკაფიოდ უჭერენ მხარს უკრაინას და საუბრობენ დახმარების გაგზავნაზე," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
- "ისინი საუბრობენ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურთიერთობების აღდგენაზე, რომლებიც ბოლო წლებში გარკვეულწილად დასუსტდა. ამ კავშირების, ამ ურთიერთობების გარეშე ძალიან რთულია პუტინთან დაპირისპირება," - ხაზი გაუსვა მან.
სტრიქონებს შორის: ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან დახმარების გაზრდამ შესაძლოა გავლენა იქონიოს რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინზე და უბიძგოს მას ომის შეწყვეტისკენ.
- "თუ კონგრესი ახლა დაიწყებს საუბარს ძლიერ ფინანსურ მხარდაჭერასა თუ სამხედრო დახმარებაზე, როგორც ამას დღეს ევროპა აკეთებს და აჩვენებს, ეს გახდება პოზიტიური ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს პუტინზე. და პუტინი მაშინ დაფიქრდება, აქვს თუ არა აზრი ბრძოლის გაგრძელებას, ომის გაგრძელებას, თუ მხარდაჭერა იზრდება," - განაცხადა პრეზიდენტმა.
- ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება დაახლოებს მოლაპარაკებებსა და მშვიდობის მიღწევას.
დიდი სურათი: აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგა.
- დემოკრატებმა 7 ისეთ შტატში მოიგეს სენატის არჩევნები, რომლებსაც რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ და ამჟამად 54 სენატორი ჰყავთ, რესპუბლიკელებს - 44. გაურკვეველია 2 შტატის, მისისიპის და ალასკას შედეგი, სადაც ხმების დათვლა გრძელდება.
- კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატებმა უმრავლესობა უკვე მოიპოვეს, თუმცა ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. CBS News-ის ეგზიტპოლით, დემოკრატები 259 მანდატს მოიპოვენ, უმრავლესობისთვის 218 ადგილია საჭირო,
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცნობს არჩევნების შედეგებს და გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს კონგრესის დემოკრატიულ უმრავლესობასთან.