დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:04 | 28 ოქტომბერი, 2026 — აშშ

ზელენსკი: უკრაინა აშშ-სგან თვეში საშუალოდ 12 Patriot-ის რაკეტას იღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2026 წელს უკრაინა აშშ-ისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის თვეში საშუალოდ 12 რაკეტას იღებს, მაშინ როდესაც ყოველთვიურად დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება უწევს.

ვითარების არსი: "მთელი 2026 წლის განმავლობაში უკრაინა აშშ-ისგან Patriot-ისთვის თვეში 12 რაკეტას იღებს. ვინაიდან ეს წელი უკვე დასასრულს უახლოვდება, მე შემიძლია ამაზე ღიად ვისაუბრო. მით უმეტეს, ყველამ ისედაც უკვე გაიგო ეს - ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობით, რაც, სამწუხაროდ, ცოტაა. რა თქმა უნდა, ჩემმა შეთანხმებებმა სხვა ქვეყნებთან იმოქმედა Patriot-ის რაკეტების იმ რაოდენობაზე, რომელსაც უკრაინა იღებდა. მაგრამ ამერიკისგან თვეში 12 რაკეტას ვიღებდით. მიზეზი - ახლო აღმოსავლეთია. და წარმოიდგინეთ: ამერიკისგან წელიწადში 150 რაკეტის იმედი შეიძლება გქონდეს, ჩამოსაგდები კი თვეში 150 ბალისტიკური რაკეტა გაქვს." - ხაზი გაუსვა მან.

  • უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ყოველდღიურად მუშაობს საზენიტო რაკეტების ძიებაზე. ამავდროულად, სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის რაკეტების გადასაცემად აშშ-ის თანხმობაა საჭირო.
  • ზელენსკიმ განმარტა, რომ პიტ ჰეგსეთმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს 12 რაკეტისგან შემდგარ ამერიკულ პაკეტზე, თუმცა მოუგვარებელია იმ რაკეტების შესყიდვის საკითხი, რომლებიც უკრაინამ სხვა ქვეყნების მარაგებში იპოვა.
  • "არის შეერთებული შტატების პაკეტი, რომელშიც 12 რაკეტაა, და ჰეგსეტმა მას ხელი მოაწერა. შესანიშნავია. მაგრამ ამ თვეში მე 35 გამოვიყენე. და საკითხი ეხება იმ 23-ს, რომლებიც სხვა მიმართულებებით ვიპოვე." - თქვა მან.

სტრიქონებს შორის: უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნიუ-იორკში დონალდ ტრამპს სთხოვა რაკეტების "ზამთრის პაკეტის" დამტკიცება.

  • ზელენსკის თქმით, მან დასახელა საჭირო რაოდენობა და განაცხადა, რომ მათი მიღების შემთხვევაში უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აღარ დაბომბავდა.
  • როდესაც ტრამპმა ჰკითხა, სად უნდა ეშოვნათ ეს რაკეტები, ზელენსკიმ დაასახელა ქვეყნები, რომლებსაც ისინი აქვთ.
  • უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ ყველა ძალისხმევას მიმართავს, თუმცა რაკეტები თავადაც სჭირდებათ, რადგან ცოტა აქვთ.

დიდი სურათი: ზელენსკიმ ასევე ახსენა Starlink-ისა და Starshield-ის ფუნქციონირების, სადაზვერვო ინფორმაციისა და საზენიტო რაკეტების მიწოდების საკითხები.

  • "და ამიტომ, როდესაც გარკვეულ მომენტში ხდება სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევა: Starlink/Starshield-ის, დაზვერვის, რუსული ბალისტიკის საწინააღმდეგო რაკეტების, ხელმოწერების საკითხები და კიდევ დიზელის შეთანხმებაც იქ დაემატა, ჩვენ ვხვდებით, საითკენ მიდის ყველაფერი. "მარტო სახლში" (Home alone) - შემდეგი ნაწილია. ეს გამოწვევაა, რთული გამოწვევა," - თქვა მან.
  • 26 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე თითქმის ერთი თვეა ელოდება პიტ ჰეგსეთის ხელმოწერას Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდებაზე.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე