12:38 | 08 ივნისი, 2026 — ევროპა
ზელენსკიმ, სტარმერმა, მერცმა და მაკრონმა ომის დასრულების პირობები დაასახელეს
ფრიდრიხ მერცმა, კირ სტარმერმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე რუსეთზე ზეწოლა განიხილეს და უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი ხუთი პირობა დაასახელეს.
გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის, ასევე უკრაინის ლიდერებმა ლონდონში გამართული შეხვედრისას განაცხადეს კიევსა და მოსკოვს შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების აქტიური მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.
დეტალები: შეხვედრაზე ეროპის ლიდერებმა იმსჯელეს რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერებაზე, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე, ასევე საჰაერო თავდაცვისა და შორი მანძილის მოქმედების რაკეტების ერთობლივ წარმოებაზე.
ლიდერებმა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის აუცილებელი ხუთი პირობა დაასახელეს:
- საბრძოლო მოქმედებების დასრულება;
- ამჟამინდელი ფრონტის ხაზი მოლაპარაკებების საწყის წერტილად უნდა იქცეს;
- ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, უკრაინამ უნდა მიიღოს იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები, რაც უკრაინაში მოკავშირე ქვეყნების ძალების განლაგებასაც მოიცავს;
- რუსული აქტივები იქამდე იქნება გაყინული, სანამ რუსეთი ომს არ დაასრულებს და უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს;
- ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს ევროპული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა;
ფართო ხედით: 5 ივნისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დიპლომატიური გუნდი ევროპელ პარტნიორებსა და აშშ-ს შეხვდება.
- ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდასაჭერ ახალ ნაბიჯებს გადადგამს.
- სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აქტიურად საუბარი 4 ივნისის შემდეგ დაიწყო, როდესაც ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა.