2021 წლის იანვრიდან აშშ-მ უკრაინას $18.5 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა - პენტაგონი

2021 წლის იანვრიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 18.5 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახური 28 ოქტომბერს ავრცელებს.

გუშინ ამერიკამ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომელიც 2021 წლის აგვისტოდან რიგით 24-ეა. პაკეტი მოიცავს:

  • დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის;
  • 500 მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი;
  • 2 ათასი 155-მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი (RAAM);
  • 1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა;
  • 125 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV);
  • მცირე ზომის იარაღი და 2 მილიონ 750 ათასზე მეტი ვაზნა მისთვის;
  • ოთხი სატელიტური ანტენა.

საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2021 წლის იანვრიდან 18.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უსაფრთხოების დახმარება გადასცა, მათ შორის დაახლოებით 17.9 მილიარდი დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მსგავსი სიახლეები