აშშ-ის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჰამასი, სავარაუდოდ, თავდასხმას ამზადებდა - CNN

შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებს ჰქონდათ ინფორმაცია ისრაელზე ჰამასის ფართომასშტაბიან თავდასხმამდე, რომ ჯგუფი რაღაცას ამზადებდა.

ამის შესახებ CNN ინფორმირებულ თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ის დაზვერვამ მინიმუმ ორი შეფასება მოამზადა, ნაწილობრივ ისრაელის დაზვერვაზე დაფუძნებული, რომელიც თეთრ სახლს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის მზარდი რისკის შესახებ აფრთხილებდა.

28 სექტემბრის განახლებაში იყო გაფრთხილება, რომ ჰამასი ისრაელისკენ რაკეტების გასასროლად ემზადებოდა.

CIA-ს 5 ოქტომბრის გზავნილში იყო ფართო გაფრთხილება ჰამასის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების მზარდი ალბათობის შესახებ.

6 ოქტომბერს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების უჩვეულო აქტივობის შესახებ, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმებისთვის საბოლოო მომზადება იყო.

თუმცა, არცერთი ცნობა არ შეიცავდა ტაქტიკურ დეტალებს ან მითითებებს მომავალი თავდასხმის მასშტაბისა და სისასტიკის შესახებ.

ზუსტად არ არის ცნობილი, გაუზიარეს თუ არა დაზვერვის ეს შეფასებები ისრაელის მხარეს.

საუბრებში, აშშ-ის დაზვერვის ამჟამინდელი და ყოფილი ჩინოვნიკები და კონგრესის წევრები, რომლებსაც წვდომა აქვთ დაზვერვის ბრიფინგებზე, უარყოფენ პოტენციურ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ აშშ-ს უნდა გაეფრთხილებინა თელ-ავივი საფრთხის შესახებ, განმარტავენ, რომ ღაზას შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია მაინც ისრაელიდან მოდის და ამერიკელები ისრაელის სპეცსამსახურების პროფესიონალიზმს ენდობიან.

გარდა ამისა, ბევრი მათგანი ვარაუდობს, რომ ისრაელის მხარემ არ შეაფასა ის საფრთხე, რომელსაც ჰამასი შეიძლება წარმოადგენდეს.

მსგავსი სიახლეები