"მიმდინარეობს ნგრევა"- დაიწყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
მიუნხენში დაიწყო უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50 ქვეყნის ლიდერი და ასობით მაღალჩინოსანი მთელი მსოფლიოდან - წლევანდელ კონფერენციას კომენტატორები საეტაპოს უწოდებენ - ღონისძიება დასავლური ალიანსში კრიზისის, ევროპის დაბნეულობისა და უკრაინაში განგრძობადი ომის ფონზე მიმდინარეობს.
ვითარების არსი: კონფერენციის ორგანიზატორები ყოველწლიურად მოზრდილ ანგარიშს აქვეყნებენ, რომელშიც აღწერილია მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები და საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები.
- წლევანდელი ანგარიშის სათაურია - "მიმდინარეობს ნგრევა" (რედ. Under Destruction), ხოლო ყდაზე გამოსახულია სპილო, რომელიც ერთის მხრივ ინსპირერებულია იდიომით (Like a Bull in China Shop) და ამავდროულად ამერიკის რესპუბლიკური პარტიის სიმბოლოა.
- ანგარიშის მთავარი გმირები"მნგრეველები" (რედ. Demolition Man) არიან - ასეთებად ავტორები მიიჩნევენ ლიდერებს ან პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც რაღაც ახალის შენებას ძველის დანგრევას ამჯობინებენ, რომლებიც არ მალავენ სურვილს დაანგრიონ არსებული ინსტიტუტები როგორც თავიანთ ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო დონეზეც, რადგანაც მათი აზრით, ყველაფერი ზედმეტად დარეგულირებულია და ვერ პასუხობს "უბრალო ადამიანების" მოთხოვნებს.
- "შედეგად, ჩვენ ვიღებთ ახალ ატმოსფეროს, რომელშიც დაწინაურდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ბულდოზერებს და ბენზოხერხებს იყენებენ"- ნათქვამია ანგარიშში.
ჩაშლილად: ანგარიშის ავტორები მსოფლიოს მთავარ დეკონსტრუქტორად დონალდ ტრამპს ასახელებენ, რომელიც ახალ, უფრო სამართლიან და უკეთეს მსოფლიოზე საუბრობს, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, ჯერჯერობით წარმატებული მხოლოდ ძველი წესრიგის ნგრევაშია.
- ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიერ, გასულ წელს წარმოთქმულმა სიტყვამ სკანდალურობის ხარისხითა და მნიშვნელობით შესაძლოა ვერ დაჩრდილა ვლადიმირ პუტინის ცნობილი გამოსვლს (რედ. 2007 წელი) იმავე სცენაზე, მაგრამ უპირობოდ 2025 წლის კონფერენციის საკვანძო და ყველაზე რეზონანსული მომენტი გახდა.
- ბევრი კომენტატორისთვის სწორედ ვენსის მიუნხენის სიტყვა გახდა პირველი ნიშანი, რომ მსოფლიო აღარ იქნებოდა ისეთი როგორიც იყო ადრე.
- თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ამერიკულ დელეგაციის ხელმძღვანელი წელსაც ვენსი უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს წელს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დაიკავებდა, რომელსაც ევროპაში უფრო ზომიერ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, ხოლო ანგარიშის ავტორები "მნგრეველთა გუნდის ნაკლებად რადიკალური ფრთის ლიდერს" უწოდებენ.
სტრიქონებს შორის: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, ნაკლებად მოსალოდნელია წლევანდელმა ღონისძიებამ მშვიდ ან მოსაწყენ გარემოში ჩაიაროს.
- მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას წინ უძღოდა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, რომლის კულმინაციური მომენტი დონალდ ტრამპის დაპირება იყო, რომ გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებდა.
- ვითარების განმუხტვის მიუხედავად, გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ამერიკის ევროპელ მოკავშირეებში შფოთვა გაზარდა - ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპი ამ კარტის გათამაშებას მომავალში აღარ შეეცდება.
- ამ ვითარებაში კი როგორც არასდროს ბოლო 80 წლის განმავლობაში აქტუალურია კითხვა - არის თუ არა დასავლეთი კვლავ ერთიანი ცივილიზაცია, შეკრულო საერთო ფასეულობებით?
უარყოფასა და რეალობის მიღებას შორის ასეთია ევროპის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მიძღვნილი ქვეთავის სათაური.
- ევროპის მდგომარეობის აღსაწერად ანგარიშის ავტორები პოლიტოლოგიურ ტერმინებზე მეტად კლასიკური ფსიქოლოგიის ტერმინებს იყენებენ.
- მათი შეფასებით, ამერიკა ევროპელ მოკავშირეებს არათანმიმდევრულ, ზოგჯერ ურთიერთგამომირცხავ სიგნალებს უგზავნის, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებზე როგორიცაა: სამხედრო წარმომადგენლობა კონტინენტზე და ევროპის ზოგადი უსაფრთხოება.
- "ამ გაურკვევლობამ ევროპელები მოაქცია ჩიხში, რეალობის მიღებასა და უარყოფას შორის"- ვკითხულობთ ანგარიშში.
- ეს ყველაფერი კი რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევების ზრდისა და სადაზვერვო უწყებების შეცვლილი შეფასებების ფონზე მიმდინარეობს. შეფასებების, რომ რუსეთს უკრაინაში ზავის გაფორმებიდან რამდენიმე თვეში შეეძლება თავდასხმა, რომელიმე მცირე ევროპულ სახელმწიფოზე.
- ავტორების შეფასებით, დიდი ხნის განმავლობაში ევროპის პოლიტიკა არსებითად ტრამპის დაშოშმინებაში მდგომარეობდა, თუმცა გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ამ მიდგომის ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა.
- "სულ უფრო მეტი ევროპელი ლიდერი იაზრებს, რომ იმედი არ არის სტრატეგია"- ნათქვამია ანგარიშში.
დიდი სურათი: სწორედ მიუნხენი უნდა გახდეს ადგილი, სადაც ევროპა შეეცდება ჩამოაყალიბოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ახალი ფორმულა და უპასუხოს კითხვას - რა უნდა გახდეს ევროპის უსაფრთხოების ახალი ქვაკუთხედი, მოკავშირესთან ძველ ურთიერთობების აღდგენის იმედის ნაცვლად.
- ხოლო, თუ ევროპელები ერთიან სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდებიან ანგარიშის ავტორების აზრით, მაღალია შანსი, რომ "კონტინენტი ტრამპის მიერ მართული ბულდოზერის ბორბლებს შორის აღმოჩნდეს."
- მთავარი გამოწვევების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: გეოპოლიტიკური ავტონომიურობის აღდგენა, თავდაცვის ხარჯებისა და შესაძლებლობების ზრდა, მზაობა მიიღონ უკრაინა კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალ წევრად.
- თითოეული ეს ნაბიჯი დაკავშირებულია მასშტაბურ ხარჯებთან და პოლიტიკურ რისკებთან და შესაძლოა სწორედ მიუნხენში გამოჩნდეს, თუ რამდენად მზად არის ევროპა ამ ამოცანების შესარსულებლად და პასუხისმგებლობისთვის თავად უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება.
ზაზუნას დღე ასეთია იმ ქვეთავის სათაური, რომელიც უკრაინას ეხება, რომლის დელეგაციას წინა წლების მსგავსად კვლავ პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს.
- ზელენსკის სიტყვა განსაკუთრებით საინტერესო იქნება დავოსში გამართული საკმაოდ ხისტი და ევროპის მიმართ კრიტიკული გამოსვლის ფონზე - უკრაინელი პრეზიდენტი ევროპელ მოკავშირეებს დაუსრულებელი ყოყმანს, პასიურობასა და სინელეს უწუნებდა.
- დავოსში ზელენსკიმ ევროპელების მიდგომა უკრაინის ომის მიმართ ცნობილი ფილმის ზაზუნას დღის სიუჟეტს შეადარა - უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, აგრესორის დაგმობის და მხარდაჭერის ყველაზე სწორი და განმეორებითი სიტყვებიც კი გამაღიზიანებელი და იმედგამაცრუებელია, როდესაც მას შესაბამისი მოქმედება არ მოჰყვება.
- მიუნხენის კონფერენციისგან უკრაინელი ლიდერი მისი ქვეყნის მხარდაჭერის ახალ და კონკრეტულ სქემების შეთანხმებას, გადამჭრელ ზომებს და უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ელოდება.
დაეწიე ამბავს: ამ ყველაფერს კი რეალპოლიტიკა, რედაქციის 5-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად გააშუქებს ადგილიდან - მომდევნო დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე იმუშავებს.