აშშ-მა ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერება სთხოვა - Axios

გამოცემა "აქსიოსი", სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, შემდგომი იერიშებისგან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელის შეკავება სცადა.

  • ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე ისრაელის იერიშებმა თეირანი მომწამვლელი შავი კვამლითა და მჟავური წვიმით დაფარა, რამაც რიგითი ირანელების ჯანმრთელობისთვის მყისიერი საფრთხეები შექმნა.

გამოხმაურება: ისრაელელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის გზავნილები გადაეცა როგორც მაღალ პოლიტიკურ დონეზე, ისე ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსს, ეიალ ზამირს. კიდევ ერთი ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, „აშშ-მა გვთხოვა, წინასწარ შევატყობინოთ ირანის ნავთობის ობიექტებზე ნებისმიერი სამომავლო იერიშის შესახებ“.

საკითხში ჩახედული წყაროს თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად სამი მიზეზი დაასახელა:

  • მსგავსი დარტყმები ზიანს აყენებს ირანელ ხალხს, რომლის დიდი ნაწილიც რეჟიმის ოპოზიციაშია;

  • ომის შემდეგ ტრამპი ირანის ნავთობის სექტორთან თანამშრომლობას გეგმავს - ვენესუელის მიმართ გამოყენებული მიდგომის მსგავსად;

  • იერიშებმა შესაძლოა გამოიწვიოს ირანის მასშტაბური საპასუხო დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

რისკები: ომის ადრეულ ეტაპზე ირანი დრონებით თავს დაესხა ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ობიექტებს, თუმცა მნიშვნელოვანი ან შეუქცევადი ზიანი არ მიუყენებია. აშშ შიშობს, რომ ირანის ნავთობზე ახალმა იერიშებმა შესაძლოა ეს მოცემულობა შეცვალოს, რაც ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.

  • დეტალებში ჩახედული წყაროს თქმით, ტრამპი ირანის ენერგეტიკულ და ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს „განკითხვის დღის ვარიანტად“ განიხილავს - რესურსად, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ ირანი პირველი დაესხმება თავს ყურის ქვეყნების ნავთობის ობიექტებს.

რას ამბობენ მხარეები: ტრამპმა ეს პოზიცია საჯაროდაც გააჟღერა და ორშაბათს ირანი გააფრთხილა, რომ მას „20-ჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამენ, თუ მსოფლიო ნავთობის მიწოდებას საფრთხეს შეუქმნის.

  • ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ „იოლად გასანადგურებელ სამიზნეებს ამოიღებს, რაც ირანისთვის, როგორც ერისთვის, აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის“.
  • წყაროს მტკიცებით, ტრამპი სწორედ ირანის ნავთობის ობიექტებზე პოტენციურ თავდასხმებზე მიანიშნებდა.

საინტერესო დეტალი: სენატორმა ლინდსი გრემმა, ომის ერთ-ერთმა ყველაზე ხმამაღალმა მხარდამჭერმა რესპუბლიკური პარტიიდან, ასევე გააკრიტიკა საწვავის საცავებზე ისრაელის იერიშები.

  • „გთხოვთ, ფრთხილად შეარჩიეთ სამიზნეები. ჩვენი მიზანია ირანელი ხალხის გათავისუფლება ისე, რომ მათ არ მოვუსპოთ უკეთესი ცხოვრების დაწყების შანსი რეჟიმის კოლაფსის შემდეგ. ირანის ნავთობის ეკონომიკა ამ მცდელობისთვის გადამწყვეტი იქნება“, - დაწერა გრემმა X-ზე.
  • სამშაბათს დილით, ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ადმინისტრაცია ისრაელის მიერ საწვავის საცავების დაბომბვასთან გამიჯნა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს მსგავსი ტიპის სამიზნეებზე იერიში არ მიუტანია.

მსგავსი სიახლეები