აზერბაიჯანი, ინდონეზია და პაკისტანი ღაზაში ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Politico

ინდონეზიამ, აზერბაიჯანმა და პაკისტანმა შესაძლოა ღაზაში სტაბილიზაციის ძალების მისიისთვის ჯარები გაგზავნონ. ამ ინფორმაციას Politico აშშ-ის ომის დეპარტამენტის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: წყაროს ცნობით, ამ ძალების შემადგენლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერ არცერთ ქვეყანას არ აუღია მყარი ვალდებულება.

  • ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს, რომ აშშ იმუშავებს არაბულ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან დროებითი სტაბილიზაციის ძალის შექმნაზე, რომელიც მოამზადებს და მხარს დაუჭერს პალესტინის პოლიციას და ამ ძალისხმევაზე კონსულტაციებს გამართავს ეგვიპტესთან და იორდანიასთან.
  • აშშ-მა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ღაზაში არ იქნებიან.
  • ე.წ. საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა არის ტრამპის გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელმაც უნდა დაასრულოს ომი ჰამასსა და ისრაელს შორის და გზა გაუხსნას ღაზის საბოლოო დემილიტარიზაციასა და რეკონსტრუქციას.

ჩაშლილად: ასეთი ძალის შექმნას მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება. ბევრი დიპლომატი და ანალიტიკოსი სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ტრამპის გეგმა ამ ეტაპამდე მივა.

  • "გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას, ეს ორიდან სამ თვემდე პერსპექტივაა," – თქვა დენ შაპირომ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პენტაგონში ახლო აღმოსავლეთის მთავარი კურატორი იყო.
  • თეთრმა სახლმა და ინდონეზიის, პაკისტანისა და აზერბაიჯანის საელჩოებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
  • აშშ-მა 200 ჯარისკაცი გაგზავნა ისრაელში, რათა უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულება.
  • ეს სამხედროები სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრში განთავსდებიან ისრაელში, ღაზის ჩრდილოეთით. საკოორდინაციო ცენტრში ასევე მოსალოდნელია ეგვიპტის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედროების ყოფნაც.
  • ეგვიპტური ძალები ამჟამად ღაზაში დაღუპული მძევლების ცხედრების მოძიებაში მონაწილეობენ.
  • Politico-სთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ინდონეზიასთან და აზერბაიჯანთან კოორდინაცია სტაბილიზაციის ძალისხმევისთვის დამატებით სირთულეს წარმოადგენს, რადგან ისინი CENTCOM-ის (შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა  რედ.) პასუხისმგებლობის არეალში არ შედიან.

კონტექსტი: ჰამასისა და ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ტერორისტულმა დაჯგუფებამ 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა და 28 დაღუპულის ცხედრიდან შვიდი გადასცა. ისრაელმა კი ციხეებიდან 2000-მდე პალესტინელი პატიმარი გაუშვა.

  • აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმის შემდეგი ფაზის შესრულებას ცდილობენ — ჰამასის განიარაღება.
  • "ყველა ამბობს, 'ისინი არ განიარაღდებიან.' ისინი განიარაღდებიან," – თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თეთრ სახლში. "მე ვესაუბრე ჰამასს და ვკითხე, 'თქვენ განიარაღდებით, არა?' 'დიახ, სერ, ჩვენ განვიარაღდებით.' ეს მითხრეს მათ. ისინი განიარაღდებიან, ან ჩვენ განვაიარაღებთ მათ. გესმით?"

მსგავსი სიახლეები