"დამიმტკიცე, რომ ვცდები"- რით იყო ცნობილი ჩარლი კირკი და რა მოჰყვება მის მკვლელობას

10 სექტემბერს, იუტა ველის უნივერსიტეტში მიმდინარე ხალხმრავალ ღონისძიებაზე ჩარლი კირკი მოკლეს — დონალდ ტრამპის მხარდამჭერი MAGA მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და ახალი ამერიკული მემარჯვენე მედია ეკოსისტემის გავლენიანი ფიგურა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მკვლელი ამ დრომდე არ არის დაკავებული. უცნობია, დადგენილია თუ არა მისი ვინაობა. გასულ საათებში მკვლელობასთან შესაძლო კავშირის ნიადაგზე დაკავებული ორი ადამიანი პოლიციამ დაკითხვის შემდეგ რამდენიმე საათში გაათავისუფლა.
კირკის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპმა მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა, მომხდარს ქვეყნის ისტორიაში ბნელი ფურცელი უწოდა და ძალადობრივი გარემოს შექმნაში რადიკალ მემარცხენე აქტივისტები დაადანაშაულა.
დღევანდელ მასალაში რეალპოლიტიკა გიყვებათ ჩარლი კირკის ბიოგრაფიის საინტერესო მომენტებზე, მის შეხედულებებსა და ასევე იმაზე, თუ რას ნიშნავს მისი მკვლელობა ამერიკული პოლიტიკისთვის.
ახალგაზრდა კონსერვატორი
„დიდი და უკვე ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. არავის ესმოდა და არავინ თანაუგრძნობდა ამერიკის ახალგაზრდობას ჩარლიზე უკეთ. ჩარლი ყველას უყვარდა და ყველა აღფრთოვანებული იყო მისით, განსაკუთრებით მე. ის უკვე ჩვენთან აღარ არის,“ — ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი კირკის გარდაცვალებას ტიმპანაგოსის საავადმყოფოში.
31 წლის კირკი გასული 3–4 წლის განმავლობაში ახალგაზრდა ამერიკელი კონსერვატორული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ფიგურა იყო.
ჩიკაგოს შეძლებულ შემოგარენში, პროსპექტ-ჰაიტსში, არქიტექტორის ოჯახში დაბადებული კირკი პოლიტიკით ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს დაინტერესდა. სკოლის დასრულების შემდეგ კირკმა ერთ-ერთ ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა მალევე პოლიტიკური აქტივიზმისთვის მეტი დროის დათმობის სურვილით სწავლა შეწყვიტა.
კირკმა არაერთხელ სცადა ამერიკის წამყვან სამხედრო სასწავლებელში West Point-ში ჩაბარება, თუმცა წარუმატებლად. თავის გამოსვლებში ის ხშირად თვითირონიით საუბრობდა უმაღლესი განათლების დიპლომის არქონაზე.
2012 წელს, 18 წლის კირკმა დააფუძნა კონსერვატიული მობილიზების ახალგაზრდული ცენტრი — Turning Point U.S.A.. ცენტრის მიზანი ამერიკელ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი საუნივერსიტეტო კამპუსებში, კონსერვატიული ღირებულებების პოპულარიზაცია იყო. ცენტრის ფოკუსი ძირითადად უნივერსიტეტებზე კეთდებოდა, სადაც, როგორც წესი, მემარცხენე-ლიბერალური შეხედულებები ჭარბობს.
ცენტრმა სახელი სწორედ კამპუსებში ხალხმრავალი შეხვედრებისა და დებატების ორგანიზებით გაითქვა, რომლის მთავარი სტუმარი ხშირად თავად კირკი იყო. სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით ტარდებოდა გუშინდელი ღონისძიება.
კომენტატორების ცნობით, ჩარლი კირკმა დიდი როლი შეასრულა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპისთვის ახალგაზრდა ელექტორატის მობილიზებაში. განსაკუთრებით მკაფიოდ კირკის გავლენა არიზონაში შეიმჩნეოდა, სადაც მან არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის აუცილებლობაში ათიათასობით ახალგაზრდა დაარწმუნა. არაერთი შეფასებით, მისი კამპანია მნიშვნელოვნად დაეხმარა ტრამპს ამ მერყევ შტატში გამარჯვებაში.
მოგვიანებით, არიზონას დედაქალაქ ფინიქსში გადავიდა Turning Point U.S.A.-ის სათავო ოფისი. ყოფილ მის არიზონაზე ქორწინების - რომელთანაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა - ფინიქსში საცხოვრებლად გადავიდა თავად კირკიც.
2020 წელს კირკმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით MAGA დოქტრინა, რომელიც მალევე ბესტსელერების სიაში მოხვდა. ჯერ კიდევ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ის ხშირად სტუმრობდა თეთრ სახლს, ხოლო 2025 წლის იანვარში დაესწრო დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციას.
საუნივერსიტეტო კამპუსებში დებატები კირკის საქმიანობის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო — ის აქტიურობდა სოციალურ ქსელებსა და პოდკასტ-პლატფორმებზე, სადაც მას მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავდა.
პლატფორმა Speechify-ის დამფუძნებელი, კლიფ ვაიცმანი, კირკის პოდკასტის პოპულარობას „ფენომენალურს“ უწოდებდა, რაც, მისი აზრით, კირკის გასაგები საუბრის სტილითა და რთული თემების მარტივად ახსნის უნარით იყო განპირობებული.
„მისი მსმენელები არ არიან შემთხვევითი ადამიანები. ისინი აქტიური, საკითხში ჩაფლული ახალგაზრდა ამერიკელები არიან, რომლებიც კირკის პოდკასტს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების ფორმირებისთვის იყენებენ,“ — ამბობდა ვაიცმანი ჯერ კიდევ 2023 წელს.
თავის გამოსვლებში კირკი ადვოკატირებდა ისეთ ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებებს, როგორიცაა შეზღუდული სახელმწიფო, გადასახადების შემცირება, იარაღის თავისუფლად ქონისა და ტარების უფლება, ტრადიციული ქრისტიანული ოჯახური ფასეულობები. მისი პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა სკეპსისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და კლიმატის ცვლილების საკითხის მიმართ. კირკი ხშირად აკრიტიკებდა იმას, რასაც თავად „ტრანსგენდერულ იდეოლოგიას“ უწოდებდა.
კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავდა: მოწინააღმდეგეები კირკს სექსიზმში ადანაშაულებდნენ, ხოლო მისი გამოსვლების დაანონსება ხშირად იწვევდა სტუდენტთა ნაწილის საპროტესტო დემონსტრაციებსა და კონტრაქციებს.
კირკის პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იარაღის თავისუფალი ქონისა და ტარების საკითხი იყო. „დიახ, ეს ამად ღირს. ჩვენ უნდა გადავიხადოთ ფასი ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული რამდენიმე სიკვდილის სახით, იმისთვის, რომ გვქონდეს მეორე შესწორება,“ — ამბობდა კირკი რამდენიმე თვის წინ თავის პოდკასტში.
მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკს ჩარლი კირკი „ქრისტიანობასთან ბრძოლაში“ ადანაშაულებდა. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაციის მეშვეობით დემოკრატებს სურდათ ამერიკის დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლა და „სექსუალური ანარქიის“ გავრცელება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა კირკისთვის აბორტისა და კონტრაცეფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
თავისი პოდკასტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეპიზოდში (2021 წელს) კირკი ამბობდა, რომ დემოკრატებს სურთ ამერიკელებს კულტურული იდენტობა წაართვან: „მათ სურთ ქვეყანა სექსუალურ ანარქიაში ჩაფლონ, სადაც კერძო საკუთრება წარსულის გადმონაშთი იქნება, ხოლო მმართველი კლასი ყველაფერს გააკონტროლებს.“
უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე
დონალდ ტრამპის მსგავსად, კირკი ხშირად აკრიტიკებდა უკრაინას, კერძოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, და ამბობდა, რომ ის ომის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.
„უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ომს, რომელშიც გამარჯვება არ შეუძლიათ და არასდროს შეეძლოთ, რადგან უბრალოდ სურთ გააგრძელონ რუსების ხოცვა,“ — ამბობდა 2025 წლის გაზაფხულზე გავრცელებულ ინტერვიუში, რომელშიც აკრიტიკებდა რესპუბლიკელებს, რომლებიც უკრაინის დახმარებას ემხრობოდნენ.
გარდა ამისა, კირკი ხშირად ამბობდა, რომ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული „ყოველთვის რუსეთს ეკუთვნოდა“ და უკრაინას არ უნდა დაუბრუნდეს.
პოლიტიკური ძალადობის სპირალი ამერიკაში
კირკი მგზნებარე ორატორი იყო, რომელმაც გასულ წლებში პრაქტიკულად მთელი ქვეყანა მოიარა. განსაკუთრებული სიხარულით მას კონსერვატიულ ღონისძიებებზე ხვდებოდნენ, თუმცა ის არასდროს არიდებდა თავს სტუმრობას ისეთ კამპუსებში, სადაც მისი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები იყვნენ უმრავლესობაში.
ამგვარად, ახალგაზრდა კონსერვატორი ამერიკელების ერთ-ერთი ლიდერი აღქმული იქნება როგორც MAGA-ს ერთ-ერთი წამებული, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იყო მისი მკვლელობის მოტივი.
ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორების შეფასებით, რთულია წინასწარ თქმა, რა შეიძლება მოჰყვეს ჩარლი კირკის მკვლელობას, თუმცა პერსპექტივები შემაშფოთებელია.
ახალგაზრდა კონსერვატორების ლიდერის მკვლელობა ერთდროულად არის ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი შოკისმომგვრელი პოლიტიკური ძალადობის მორიგი ეპიზოდი და მზარდი პოლარიზაციის ფონზე მიმდინარე პოლიტიკური თავდასხმების ისტორიის ახალი თავი.
იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს შორის გამძაფრებული დაპირისპირების ფონზე იარაღზე ფართო წვდომა კიდევ უფრო ძაბავს პოლიტიკურ გარემოს და ზრდის სისხლისღვრის რისკს.
მიმდინარე წლის ივლისში, პოლიციელი ფორმაში გადაცმულმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მინესოტას კონგრესმენი მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე მოკლა.
მაისში, ვაშინგტონის ებრაულ მუზეუმში გამართული ღონისძიებიდან გამოსული ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.
აპრილში ცეცხლი წაუკიდეს პენსილვანიის დემოკრატი გუბერნატორის, ჯოშ შაპიროს, საცხოვრებელ სახლს. ხანძრის მომენტში შაპიროს ცოლ-შვილი სახლში იმყოფებოდა.
პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის შემთხვევებს შორისაა იმ დროს კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის, ქმარზე მომხდარი თავდასხმა 2022 წელს — დამნაშავე სახლში შეიჭრა და ჩაქუჩის გამოყენებით პელოსის ქმარს მძიმე დაზიანებები მიაყენა.
პოლიტიკური ძალადობის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 2021 წლის 6 იანვარია, როდესაც არჩევნების შედეგით უკმაყოფილო დონალდ ტრამპის ათასობით მხარდამჭერი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. არეულობის დროს ადგილზე პოლიციის ერთი ოფიცერი მოკლეს, ხოლო ოთხმა მოგვიანებით სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
2017 წელს შეიარაღებულმა პირმა თავდასხმა განახორციელა რესპუბლიკური პარტიის მაღალჩინოსანზე, სტივ სკალიზიზე.
პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებზე საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გასული წლის ზაფხულში, პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა კიდევ ერთი მცდელობის შესახებ — შეიარაღებული თავდამსხმელი ფლორიდაში, ტრამპის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე იმალებოდა. საიდუმლო სამსახურმა მცდელობა წარმატებით აღკვეთა.
კომენტატორების შეფასებით, თუ ამერიკულ საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ საჯარო ცხოვრება „სისხლიანი სპორტია“, ამან ქვეყნის პოლიტიკურ პროცესზე შესაძლოა დამანგრეველი გავლენა იქონიოს.
საგანგებო მიმართვაში ტრამპმა განაცხადა, რომ კირკზე თავდამსხმელს აუცილებლად იპოვიან და ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ამავე გამოსვლაში ტრამპმა ჩამოთვალა კონსერვატორებზე მომხდარი თავდასხმების რამდენიმე შემთხვევა, რომელთა უკან, მისი თქმით, „რადიკალი მემარცხენეები“ იდგნენ.
სავარაუდოა, რომ ამერიკელი პრეზიდენტის სიტყვები გამოეხმაურებას იპოვის პოპულარულ კონსერვატორებში, რომელთა შორის რამდენიმემ უკვე მოითხოვა „რადიკალი მემარცხენე“ ორგანიზაციების კანონით დასჯა და შევიწროება.
„მოვიდა დრო, კანონის ფარგლებში შევაღწიოთ, დავანგრიოთ და დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შექმნილ ქაოსზე,“ — წერს კონსერვატორი აქტივისტი, კრისტოფერ რუფო.
კირკის მკვლელობა საჯაროდ დაგმეს მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა დემოკრატიული პარტიიდან, მათ შორის ბარაკ ობამამ და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე შესაძლო კანდიდატმა.
ჟურნალ TIME-ის დღევანდელი ნომრის ყდაზე ჩარლი კირკია გამოსახული წარწერით — „საკმარისია! ჩარლი კირკის მკვლელობა და პოლიტიკური ძალადობის ეპიდემია ამერიკაში.“
კირკისთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა კონგრესის დღევანდელი სხდომა, თუმცა დუმილი მალევე ორმხრივ შეძახილებსა და დაძაბულობაში გადაიზარდა.
იუტაში კი, სადაც კირკი მოკლეს, გუშინდელი ტრავმის გააზრებას ცდილობენ. საგანგებო ბრიფინგზე შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი, სპენსერ კოქსი, ემოციური სიტყვით გამოვიდა.
„ნუთუ ეს ყველაფერია? აქამდე მიგვიყვანა ჩვენმა 250-წლიანმა ისტორიამ? ვლოცულობ, რომ ასე არ იყოს,“ — განაცხადა კოქსმა.