გერმანიის უმსხვილეს პროვინციაში მერცის პარტიამ გაიმარჯვა, AFD-მ შედეგი გაასამმაგა
.jpg)
გერმანიის უმსხვილესი პროვინციის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა (CDU) პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავარი სენსაცია ექსტრემისტული AfD-ის (ალტერნატივა გერმანიისთვის) შედეგი გახდა — წინა არჩევნებთან შედარებით რეგიონში პარტიის მხარდაჭერა გასამმაგებულია.
ვითარების არსი: მოსახლეობით გერმანიის უმსხვილესი და ყველაზე მდიდარი, ჩრდილოეთ-რაინ-ვესტფალია, ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრად მიიჩნევა, რომელშიც ტრადიციული პარტიების მხარდაჭერა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა.
- მერცის მშობლიურ მხარეში ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ხმათა 34%-ით პირველ ადგილზე გავიდა, რაც დაახლოებით იგივე შედეგია, რაც ხუთი წლის წინ გამართულ არჩევნებზე.
- CDU-ის კოალიციური პარტნიორის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), მხარდაჭერის მაჩვენებელი 2020 წლის არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 22%-ს გაუტოლდა.
- ყველაზე მაღალი ზრდა AfD-ს ჰქონდა: შედარებისთვის, 2020 წელს იმავე პროვინციაში მათ ხმათა 5.5% მიიღეს, გუშინდელ არჩევნებზე კი მათ მხარი ამომრჩეველთა 15%-მა დაუჭირა.
სტრიქონებს შორის: ჩრდილოეთ-რაინ-ვესტფალიის მუნიციპალური არჩევნების შედეგები მოწმობს, რომ AfD-ის პოპულარობა მზარდია ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ოლქების მიღმაც, სადაც პარტია ადგილობრივ დონეზე უკვე დომინანტურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა.
- ინდუსტრიულ პროვინციაში ექსტრემისტული პარტიის პოპულარობის ზრდას კომენტატორები ტრადიციული სამუშაო ადგილების კლებით ხსნიან — ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო ამომრჩევლებს კი ყველაზე მეტად AfD იზიდავს.
ჩაშლილად: მიუხედავად იმისა, რომ შედეგებს პირდაპირი პრაქტიკული გავლენა ფედერალური მთავრობის საქმიანობაზე არ აქვს, 14 სექტემბრის არჩევნებს არაერთი კომენტატორი ქვეყანაში დომინანტური პოლიტიკური განწყობების გასაზომ ბარომეტრს უწოდებდა.
- ეს მერცის კანცლერობის პერიოდში პირველი მუნიციპალური არჩევნები იყო და საზოგადოებრივი აზრის კვლევების მაჩვენებლები ტრადიციული პარტიების პოპულარობის განუხრელ კლებას აჩვენებდა.
- „ქრისტიან-დემოკრატები კმაყოფილები იქნებიან შედეგებით, ამავდროულად AfD-ის შედეგები მშვიდი ძილის საშუალებას არ გვაძლევს,“ — განაცხადა პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩრდილოეთ-რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერმა, ჰენდრიკ ვიუსტმა.
- წინა მუნიციპალურ არჩევნებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი იყო აქტივობაც, რაც კომენტატორების თქმით იმაზე მეტყველებს, რომ AfD-მ ახალი ამომრჩევლების მობილიზება შეძლო.
კონტექსტი: მიმდინარე წლის თებერვალში გამართულ გენერალურ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმათა 20%-ით მეორე ადგილზე გავიდა. პარტიის წარმატება დიდწილად განპირობებული იყო მისი პოპულარობით ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე, სადაც მათ თითქმის ყველა ოლქში დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვეს.
- მიმდინარე წლის მაისში, გერმანიის დაზვერვის სამსახურის მიერ AfD-ის ექსტრემისტულ პარტიად გამოცხადების მიუხედავად, რაინ-ვესტფალიის მუნიციპალური არჩევნების შედეგები პარტიის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.
- კომენტატორების შეფასებით, მომდევნო გენერალურ არჩევნებისთვის AfD შეეცდება მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ეკონომიკურად უფრო მდიდარ, ქვეყნის დასავლეთში.
- პარტიის ლიდერმა, ალის ვეიდელმა, შედეგებს „უზარმაზარი წარმატება“ უწოდა.