ევროკომისია "ოცნების" პროპაგანდას პასუხობს: ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგი მცდელობა
ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა "ქართული ოცნების" პროპაგანდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უპასუხა, თითქოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წლის ივნისში უკვე შეჩერებული იყო და ამაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" არ ეკისრება.
ვითარების არსი: "ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას და ჩვენ შევეჩვიეთ ამ ტიპის პროპაგანდას ხელისუფლებისგან. მოდი, პირდაპირ შევხედოთ ფაქტებს, თქვენ სერიოზული ჟურნალისტი ხართ, გააკეთეთ თქვენი საქმე და უკვე გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც მართალია. 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს დასკვნა, რომელიც იმეორებდა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და ასევე იყო პირველი მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეცვალა ეს კურსი." - აღნიშნა ჰიპერმა "რეალპოლიტიკის" მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
- "ხელისუფლებაში იყო "ქართული ოცნების" მთავრობა, იმავე პარტიას ჰქონდა უმრავლესობა პარლამენტში და ამ დესტრუქციული ქმედებების გადახედვის ნაცვლად, ეს ქმედებები უფრო ინტენსიური გახდა - ოპოზიციაზე ზეწოლა, ჟურნალისტების დაპატიმრება, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა." - ხაზი გაუსვა ევროკომისიის სპიკერმა.
- "2024 წლის ივლისის დასკვნის გარდა, დასკვნები იყო 2024 წლის ოქტომბერში, დეკემბერში და ახლა გაფართოების ანგარიში. ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა." - თქვა ჰიპერმა.
დიდი სურათი: 7 ნოემბერს, "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" დაწერა, რომ "სკანდალური წერილი" მოიპოვა, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება, სადაც საუბარია, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად.
- 2025 წლის 5 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილს წერილი გაუგზავნა, რომ საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით.