უკრაინის გარანტიები მოიცავს დასავლეთის სამხედრო პასუხს რუსეთის მიერ ზავის დარღვევაზე
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში ევროპისა და ამერიკის ჩართულობით კოორდინირებულ სამხედრო პასუხს გულისხმობს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times შიდა დისკუსიებში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- მათი ცნობით, რუსეთის მხრიდან ზავის დარღვევა გამოიწვევს უკრაინის, ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების ერთობლივ, მრავალდონიან პასუხს.
- გეგმის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევიდან პირველი 24 საათში მხარს დაუჭერენ მოქმედებებს, რომელსაც უკრაინული არმიის ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ და გაავრცელებს დიპლომატიურ გაფრთხილებას.
ჩაშლილად: თუ ცეცხლის დარღვევა 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება, ამოქმედდება საპასუხო მექანიზმის მეორე ფაზა, ე.წ. მსურველთა კოალიციის ძალების გამოყენებით.
- ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საომარი მოქმედებები 72 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება გეგმა ითვალისწინებს ევროპელი და ამერიკელი სამხედროების კოორდინირებულ, მასშტაბურ პასუხს.
დაეწიე ამბავს: ევროპელმა, ამერიკელმა და უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნული დოკუმენტი გასულ თვეებში რამდენიმეჯერ განიხილეს - დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი "100%-ით" არის მზად.
- ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზავის ამოქმედების შემდეგ უკრაინაში ბრიტანული და ფრანგული სამხედრო კონტინგენტების განთავსებას გულისხმობს.
- საკვანძო საკითხად რჩება ე.წ. შეხების ხაზის მონიტორინგი, დასავლური მედიის ცნობით, ამ ფუნქციას ამერიკული მხარე შეასრულებს, საუბარია დაახლოებით 1400-კილომეტრიანი ფრონტის მაღალტექნოლოგიური მონიტორინგის სისტემაზე.
დიდი სურათი: 27 იანვარს Financial Times წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტის ხელმოწერას, მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც უკრაინა დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანას დათანხმდება.
- დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს უფრო მეტი და მრავალფეროვანი შეიარაღების გადაცემას ჰპირდება.
კონტექსტი: უცნობია შეთანხმებულია თუ არა აღნიშნული მექანიზმები რუსეთთან - კრემლში არაერთხელ და კატეგორიულად უარყვეს უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა ნებისმიერ ფორმატში.
- პარალელურად კვირის მიწურულს აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი ფორმატის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება.