ირანი ახალ ბირთვული შეთანხმებაზე აშშ-ის წინადადებას უარყოფს - Reuters

ირანი გეგმავს არ დაეთანხმოს აშშ-სთან ახალ ბირთვულ შეთანხმებას. თეირანი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი "ცალმხრივია" და არ ითვალისწინებს ისლამური რესპუბლიკის ძირითად ინტერესებს, კერძოდ, ურანის გამდიდრების უფლებას.
State Of Play: Reuters მოლაპარაკებების ჯგუფთან დაახლოებულ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანი "ამზადებს აშშ-ის წინადადების ოფიციალურ უარყოფას," რადგან ის არ მოიცავს ვაშინგტონის მხრიდან რაიმე დათმობას ირანის ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- ამერიკული წინადადება თეირანს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ ბადრ ალ-ბუსაიდიმ გადასცა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებების ხუთი რაუნდის შემდეგ, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.
Big Picture: მთავარ დაბრკოლებებს შორისაა თეირანის უარი დაეთანხმოს აშშ-ის მოთხოვნას ურანის გამდიდრების შეჩერებისა და მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის მთელი მარაგის საზღვარგარეთ გატანის შესახებ, რადგან ამ ურანის გამოყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელადაც შეიძლება.
- ირანი ასევე მოითხოვს აშშ-ის ყველა სანქციის დაუყოვნებლივ და სრულად მოხსნას, რომელიც 2018 წლიდან "ტერორიზმის ან იარაღის გავრცელების მხარდაჭერის" გამო არის დაწესებული.
- "პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ირანი ვერასდროს შექმნის ბირთვულ ბომბს. სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა ირანის რეჟიმს დეტალური და მისაღები წინადადება წარუდგინა და მისი მიღება მათ ინტერესებშია," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა.
- Reuters-ის ცნობით, მისმა წყარომ აღნიშნა, რომ თეირანი დოკუმენტს "აბსოლუტურად ცალმხრივად" მიიჩნევს და ეს მისთვის "მიუღებელია."
Сontext: ირანი აცხადებს, რომ მზადაა ურანის გამდიდრებაზე გარკვეულ ლიმიტებს დათანხმდეს, მაგრამ სჭირდება სანდო გარანტიები, რომ ვაშინგტონი უკან არ დაიხევს სამომავლო შეთანხმებიდან.