ისრაელი აცხადებს, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ხატიბი გასულ ღამეს მოკლეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი გასულ ღამეს განხორციელებული იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია.

ვითარების არსი: ხატიბი, რომელიც სასულიერო პირი იყო, ირანის დაზვერვის მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა და გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ახლო მოკავშირედ მიიჩნეოდა.

  • მანამდე მას მაღალი თანამდებობები ეკავა ირანის სადაზვერვო აპარატსა და სასამართლო სისტემაში, მათ შორის დაზვერვის სამინისტროსა და გავლენიან ფონდში „ასტან კუდს რაზავი“ (Astan Quds Razavi).

სხვა მაღალჩინოსნები: მიმდინარე დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო რეიდები განახორციელეს ირანის მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე.

  • ლიკვიდირებულია ირანის დე ფაქტო მმართველი, უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი ალი ლარიჯანი;

  • საჰაერო რეიდს ემსხვერპლა გასამხედროებული ორგანიზაცია „ბასიჯის“ მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი. მასზე იერიში „ბასიჯის“ მიერ ახლახან მოწყობილ საველე ბანაკზე მიიტანეს;

  • სოლეიმანიზე იერიშს ასევე ემსხვერპლნენ „ბასიჯის“ მეთაურის მოადგილე და დაჯგუფების სხვა მაღალჩინოსნები.

  • პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ლიდერ აკრამ ალ-აჯურისა და ტერორისტული დაჯგუფების სხვა მაღალჩინოსნებზე.
  • ისრაელის სამხედრო სარდლობა ვარაუდობს, რომ ალ-აჯური, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია, თუმცა ინფორმაციის საბოლოო გადამოწმება კვლავ მიმდინარეობს.

დელეგირება: ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს მისცეს უფლებამოსილება, დამატებითი თანხმობის გარეშე მოკლან ნებისმიერი სხვა მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირი, რომელიც სამიზნეში იქნება ამოღებული.

მსგავსი სიახლეები