ლარიჯანის მკვლელობა თეირანელების მიწოდებული ინფორმაციით გახდა შესაძლებელი - მედია
გამოცემა Iran International ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელობა თეირანში მცხოვრებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
ვითარების არსი: ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობაც სტატიაში დაკონკრეტებული არ არის, „ბოლო დღეებში ლარიჯანი ამპარტავნულად იქცეოდა, ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ურთიერთობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასთან და ამგვარად საჯაროდ ჩნდებოდა, რამაც საბოლოოდ მისი იდენტიფიცირება გამოიწვია."
- „ლარიჯანის მკვლელობა შესაძლებელი გახდა ბოლო 24 საათში თეირანში მცხოვრებლებისგან მიღებული ღირებული სადაზვერვო ინფორმაციის წყალობით." - განუცხადა ისრაელის ოფიციალურმა პირმა გამოცემა „Iran International“-ს.
- ისრაელელმა მაღალჩინოსმა ასევე დასძინა, რომ ქვეყნის დაზვერვის სამსახურები კვლავაც იღებენ მრავალრიცხოვან შეტყობინებებს, რომლებიც „ზუსტად მიასწავლიან „ბასიჯისა“ და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ლოკაციებს, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება მათ ძალისხმევას“.
დეტალები: 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი ალი ლარიჯანი, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია. IDF-ის ცნობით, იერიშის სამიზნე სწორედ ლარიჯანი იყო, რომელიც ირანის დე ფაქტო მმართველად მიიჩნევა.