ლატვიამ 10 რუსული პროპაგანდისტული ვებ-გვერდი დაბლოკა

ლატვიაში ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ კიდევ ათ ინტერნეტ-საიტზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
State Of Play: საბჭოში აღნიშნეს, რომ ეს ვებგვერდები ამართლებენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ხოტბას ასხამენ ოკუპაციას და საინფორმაციო მხარდაჭერას უწევენ აგრესორს.
- ლატვია მსგავს საიტებს 2022 წლიდან ბლოკავს და დღეისთვის მათი რაოდენობა 413-ს შეადგენს.
- საბჭოს წევრის, იევა კალდერაუსკას განმარტებით, ყველაზე მეტი ვებ-გვერდი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს – 169 ვებგვერდი დაიბლოკა. გასულ წელს – კიდევ 137, ხოლო მიმდინარე წელს, ივლისის მონაცემებით – 88.
- საბჭო მიიჩნევს, რომ ეს ზომები ნამდვილად ეფექტურია. მათი შეფასებით, წვდომა რომ არ შეზღუდულიყო, პროპაგანდისტულ ინფორმაციას ყოველთვიურად 40-დან 68 ათასამდე ადამიანი ნახავდა.
- ამასთან, დაბლოკილ საიტებზე შესვლის მცდელობების რაოდენობა თვეში ნახევარ მილიონს აღწევს – ხშირად ერთი და იგივე მომხმარებელი რამდენჯერმე ცდილობს შესვლას.
Big Picture: ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭო ასეთ რესურსებს სხვადასხვა არხით აკვირდება – მოქალაქეების საჩივრებით, სახელმწიფო სტრუქტურების სიგნალებით, ასევე საკუთარი მონიტორინგის საშუალებით.
- "ჩვენ ვამოწმებთ, კონკრეტულად რა ქვეყნდება საიტზე – რა სიახლეები, რა მოცულობით და როგორ არის წარმოდგენილი ინფორმაცია. თუ ანალიზის შემდეგ ჩვენს შეფასებებს სამართალდამცავი ორგანოებიც დაადასტურებენ, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ. დიახ, ეს არ არის მარტივი პროცედურა – ყველა ჩვენი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული უნდა იყოს, რადგან ნებისმიერ დაბლოკილ საიტს შეუძლია საჩივრის შეტანა," – აღნიშნა კალდერაუსკამ.